რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირებიდან რამდენიმე საათში, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილიდან დალუქული მტკიცებულებები წაიღეს. სამართალდამცავებმა ამოღებული ნივთებით უნდა დაადგინონ, რა იარაღიდან ესროლეს მოქმედ მორაგბეს. ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა ნივთებში ის პისტოლეტი, რომლითაც რამაზ ხარაზიშვილი დაჭრეს.
ცნობილია, რომ იუნკერების კაპიტან ხარაზიშვილს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, მერაბ ბესელიამ ესროლა, თუმცა, რატომ უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებას ბევრი თვითმხილველი ჰყავს მიზეზებზე ღიად საუბარს ერიდებიან.
რამაზ ხარაზიშვილი იმ საინციატივო ჯგუფის წევრია რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რომლის მიზანიც ახალი პრეზიდენტის არჩევისთვის სამართლიანი გარემოს მომზადებაა. ამ ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ კავშირის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება ძირითადად ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება. ამბობენ იმასაც, რომ დღევანდელი ფაქტი ადასტურებს, რომ რაგბის თემიდან კლანის მოშორების პროცესი დაწყებულია.
რაგბის კავშირში მომხდარი სროლისა და დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც უწყების პრესსამსახურში, "მთავარს" უთხრეს სისხლის სამართლის საქმე 118-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და 236-ე იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.