
ჩვენ დღეს ვერთიანდებით იმიტომ, რომ გავუშვათ სახლში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, მოვაშოროთ საქართველოს რუსული გავლენები და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო ქართველებმა იცხოვრონ უსაფრთხო და ბედნიერ გარემოში - ეს განცხადება "ახალის" თანათავმჯდომარემ ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციაზე გააკეთა.
"ახალი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" გადამწყვეტი არჩევნების წინ, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან:
"ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ისტორიის და იმ უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს, გადამწყვეტი მომენტისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და გამომდინარე აქედან, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი სიტყვის ერთგულება, რომელიც გამოიხატა ერთგულებაში პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქარტიის და ასევე ბრიუსელში ხელმოწერილი განაცხადის, რომელიც ეხება საერთო მიზნებისთვის ბრძოლას და პირველ რიგში, ეს არის საქართველო დასავლეთში, დასავლურ ოჯახში, ევროპულ ცივილიზაციაში და ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის უზრუნველყოფა წარმატებული, უსაფრთხო გარემოსი და ბედნიერების შესაძლებლობის მიცემა ქართველებისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ყველა პარტიულ, თუ არაპარტიულ სუბიექტს გვაიძულებს დავდგეთ ჩვენს მოსაზრებებზე, წინააღმდეგობებზე, ეგოებზე მაღლა და მივიღოთ ამ ტიპის გადაწყვეტილებები. ჩვენ დღეს ვერთიანდებით იმიტომ, რომ გავუშვათ სახლში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, მოვაშოროთ საქართველოს რუსული გავლენები და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო ქართველებმა იცხოვრონ უსაფრთხო და ბედნიერ გარემოში. " განაცხადა ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებს შორის იყო ხანგრძლივი და რთული, თუმცა გაერთიანება მიხდა მთავარი მიზნის გარშემო - "დღეს ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ერთიანობა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი, რასაც ქართული საზოგადოება, წარსულიც და მომავალიც ითხოვს ჩვენგან, ამიტომაც ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას".
ნიკა გვარამიას განცხადებით, ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა "ლელოსთან", თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდება. "ახალი", დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" კი ერთიან წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებენ:
"ლელო ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარს და მნიშვნელოვან პარტნიორად, მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის და ამიტომ ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა არ იკეტება ამით პროცესი და ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება არამხოლოდ "ლელოსთან"
დღევანდელი განაცხადის შემდეგ, ჩვენ ერთიან კაპანია დავიწყებთ და დავიწებთ საქართველოს მოსახლეობასთან საუბარს იმაზე, თუ როგორ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და როგორ წავიყვანოთ ყველამ ერთად ქვეყანა წინ" აღნიშნა ნიკა გვარამიამ.