
მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს ბოლო კომუნიკეში საქართველოს შესახებ პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი, თავდაცვის მინისტრი ჩიქოვანი ჩანაწერით კმაყოფილია და ამბობს, რომ ამ დოკუმენტში საქართველოს თავისი ადგილი აქვს:
"ამ დოკუმენტში საქართველოს თავისი ადგილი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს მკაფიო განაცხადი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და საქართველოს ტერიტორიებიდან უნდა იყოს გაყვანილ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები.
რაც შეეხება გაფართოების პოლიტიკას, ამასთან დაკავშირებითაც ასევე არსებობს ჩანაწერი, შეიძლება ბუქარესტის უშუალო აღნიშვნით არა, მაგრამ ნატო აღნიშნავს იმას, რომ ყველა სახელმწიფო თავისუფალია მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ ალიანსში უნდა გაწევრიანდეს და შესაბამისად, ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს, ესეც ნახსენებია.
ასევე, ის კონტექსტი, რომელის გულისხმობს იმას, რომ ალიანსის უახლოესი პარტნიორების, ისეთი როგორიც საქართველოა, როგორც ასპირანტი სახელმწიფო, ძალისხმევას აქვს მნიშვნელობა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ამისთვის ყველას ერთად ბევრი მსხვერპლი გვაქვს გაღებული.“,- განაცხადა ჩიქოვანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, ნატოს ვაშინგტონის სამიტის საბოლოო დეკლარაციის ტექსტში აღარაფერია ნათქვამი საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე და ამ მხრივ დოკუმენტი ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს აღარ იმეორებს. წინა დეკლარაციებისგან განსხვავებით, ცალკე ჩანაწერი აღარაა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და მხოლოდ ერთხელაა საქართველო ნახსენები მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად იმ კონტექსტში, რომ რუსეთმა გაიყვანოს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული ჯარები.