ახალი საგანმანათლებლო პროგრამები, ტრენინგები, დასაქმების ფორუმები და რაც მთავარია, ათასობით გადამზადებული, ახალი უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდა, რომელსაც აქამდე სამუშაო გამოცდილება არ ჰქონია და ზრდასრულები, მათ შორის ხანდაზმულები, რომლებმაც თავისი იდეები წარმატებულ მცირე ბიზნეს წამოწყებებად აქციეს – ასეთია ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული სამწლიანი პროგრამის, "განათლება დასაქმებისთვის" შედეგები.
პროგრამა საქართველოში 2019 წელს დაინერგა, ის რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა საგრანტო პროექტი საქართველოს რეგიონებში, რომელთა ბიუჯეტი 7 მილიონი ევროა. შერჩეული პროექტების მიზანია, საქართველოს ათასობით მოქალაქეს სამუშაო ადგილის მოძიებასა და განათლების მიღებაში დაეხმაროს.
ევროკავშირი საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისთვის წლებია ბევრ ფულს ხარჯავს და არაერთ პროგრამას აფინანსებს. საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც დასავლური ქვეყნები აფინანსებენ, ქართველ ახალგაზრდებს თანამედროვე განათლების მიღებასა და განვითარებაში ეხმარება.
საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი სტუდენტების მიერ მიღწეული წარმატებების უკან სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება დგას.
ქართული ოცნების ანტიდასავლური და ანტიევროპული ქმედებებისა და რიტორიკის გამო, ევროკავშირის ფონდიდან გამოყოფილი თანხების გაყინვა კი საქართველოს მოსახლეობისთვის უდიდესი დარტყმა იქნება.
საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა იმ დახმარების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც 2019-2024 წლებში სამინისტროებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, სამინისტროებმა 517 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღეს, რაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს 11-ჯერ აღემატება.
მაშინ, როდესაც მმართველი პარტიის პროპაგანდა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე საუბრობს, ის ყოველთვის მალავს ევროპული, ამერიკული და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების მოცულობას, რომელიც მილიარდობით ევროსა და დოლარს აღემატება. მათ შორის არის ის პროექტები, რომლების განხორციელებასაც ქართული ოცნების მთავრობა საკუთარ წარმატებად წარმოაჩენს.
პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოში დასავლური ქვეყნებისა და ევროპული ფონდების მხარდაჭერით განხორციელდა, ვრცელია.
ქართული ოცნება კი რუსული კანონის დამტკიცებით და პარტნიორების ლანძღვით, ქვეყანას მთავარი მოკავშირეების დახმარების გარეშე ტოვებს და უფრო მეტიც, მათ მტრებად აცხადებს.
იხილეთ: