EU: 2019-24 წლებში, სამინისტროებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შედარებით ჩვენგან 11-ჯერ მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს

გამოქვეყნდა:

საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ინფორმაციას იმ დახმარების შესახებ, რომელიც 2019-2024 წლებში სამინისტროებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, სამინისტროებისთვის გამოყოფილი დაფინანსებსა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს 11-ჯერ აღემატება.

"2019-2024 წლებში, სამინისტროებმა - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შედარებით - ევროკავშირიდან 11-ჯერ მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს.

ევროკავშირის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი 46.1 მილიონი ევროს 2/3-ზე მეტი განკუთვნილია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უშუალოდ მოსახლეობას უწევენ მომსახურებასა და დახმარებას", - წერია განცხადებაში.

უფრო კონკრეტულად, ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით:

2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა- 46.1 მილიონ ევროა.

ევროკავშირის 46.1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ 47 პროექტს:

  • ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა: 8.6 მილიონი ევრო
  • დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია: 8 მილიონი ევრო
  • ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება: 7.9 მილიონი ევრო
  • უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა: 4.9 მილიონი ევრო
  • კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები: 4.6 მილიონი ევრო
  • ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის: 4 მილიონი ევრო
  • დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება: 3.9 მილიონი ევრო
  • გარემოს დაცვა და კლიმატი: 2 მილიონი ევრო
  • საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა: 1.2 მილიონი ევრო
  • იურიდილი და სასამართლო სისტემა: 1 მილიონი ევრო

მათივე განცხადებით, "2019-2024 წლებში ევროკავშირისგან მიღებული 46.1 მილიონი ევროს ორ მესამედზე მეტი განკუთვნილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებითვის საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, პროფესიული განათლება, მეწარმეობა, სოციალური სერვისები, ახალგაზრდების ჩართულობა და თემის განვითარება, კულტურის სფერო, გარემოს დაცვის ღონისძიებების გატარება.

დაფინანსების ერთი მესამედი განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ, ხელს უწყობენ და თანამშრომლობენ სამთავრობო უწყებებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ევროკავშირის სტანდარტების მიღება, გენდერული თანასწორობა და დეცენტრალიზაცია".

საქართველოში ევროკავშირის დახმარების (2019 2024 წწ.) უმსხვილეს 10 ბენეფიციარს შორის შემდეგი სამთავრობო ინსტიტუტებია:

  • 111,55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმმართველობები
  • 101,40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო
  • 62,75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო
  • 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები
  • 5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • 25,07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები
  • 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია
  • 12,85 მილიონი ევრო – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • 10,5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • 4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია

 (მე-11 არის საქართველოს პარლამენტი – 4.8 მილიონი ევრო)

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი