როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა ნატოს ბოლო სამიტის კომუნიკესთან დაკავშირებით, რომელშიც ბოლო წლების განმავლობაში პირველად, საქართველოს გაწევრიანებაზე ალიანსში, არაფერია ნათქვამი.
“ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია. ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც საქართველოს მისი დემოკრატიული ტრაექტორიისგან აშორებს. როგორც იცით და ილაპარაკეთ კანონზე, რომელიც მათ მიიღეს და ეფექტებზე, რომლებიც მას შეუძლია ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოებაზე და შეუძლია მთავრობას ზეწოლის საშუალება მისცეს კანონიერ დემოკრატიულ უფლებებზე.
ასე რომ, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა საფუძვლიანად შეცვალა აშშ-სთან ურთიერთობები და არა მხოლოდ აშშ-სთან, ევროპის ქვეყნებთანაც”, - განაცხადა მილერმა. [IPN]