თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "მთავარ არხს" მოქალაქეები აწვდიან ინფორმაციას, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა და გზა გადაუკეტა. არსებული ინფორმაციით, ბაიკერი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევას Tiktok live-ში იღებდა კიდევ ერთი მოქალაქე, ჩვენთვის მოწოდებულ კადრებში ჩანს, რომ მოგვიანებით მას პოლიციამ ვიდეოს გადაღება შეაწყვეტინა. უცნობია შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. კადრში ჩანს, რომ პოლიციის მანქანა დაზიანებულია.
"მთავარი არხის" ვებგვერდი დამატებითი დეტალების გარკვევს შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.