ვინ არის "მეთაური ყასაბი" | რა გზა გაიარა 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილმა, რა პრობლემები ჰქონდა ბავშვობაში და რას ყვება მასწავლებელი

გამოქვეყნდა:

"მეთაური ყასაბის" ქართული ამბავი -  ვინ არის მიხეილ ჩხიკვიშვილი, 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა და ახლა ამერიკაში, სასამართლო განაჩენის მოლოდინშია. ვიდრე მასობრივ ტერორისტულ აქტებს დაგეგმავდა - რა გზა გაიარა ბავშვობაში, რა ინტერესები ჰქონდა და რატომ ურჩია კლასის დამრიგებელმა მშობლებს, თან რამდენჯერმე, რომ ბავშვი ფსიქოლოგთან მიეყვანათ.

იქამდე სანამ ნეონაცისტი - მანიაკალური მკვლელობების კულტის ხელმძღვანელი გახდებოდა და საკუთარ თავს "მეთაურ ყასაბს" დაარქმევდა საბურთალოზე, 161-ე სკოლაში სწავლობდა. "მთავარი" ესაუბრა მის პედაგოგებს. როგორც ამბობენ, ვიზუალურად შემჩნევა ძნელი იყო, მაგრამ მისმა კლასელებმა და მასწავლებლებმა იცოდნენ, რომ ბიჭს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. გვაქვს ის ფოტო-ვიდეო მასალაც, რომელსაც მოზარდი თანაკლასელების ჩათში აგზავნიდა. ვიდეოების შინაარსი ტერორისტების მიერ უდანაშაულო მოქალაქეების სასტიკ მკვლელობებს ეხება. ამგვარ ვიდეოებზე მოზარდს წესით წვდომა არ უნდა ჰქონოდა. 

ამავე ჩათში ჩხიკვიშვილი გზავნიდა "მიმებს" და ხუმრობებს ასევე ტერორისტებზე და მასობრივ მკვლელობებზე. საბოლოოდ, საქმეში პოლიცია ჩაერთო და სკოლის ადმინისტრაციამ, რომელთანაც მიხეილ ჩხიკვიშვილის მშობლები არ თანამშრომლობდნენ ოჯახს კატეგორიულად მოსთხოვა ბავშვი ფსიქოთერაპიაზე მიეყვანათ. ჩხიკვიშვილის კლასს ბოლო ორი სასწავლო წლის გავლა პანდემიის გამო დისტანციურად მოუხდა.

 როგორც ჩხიკვიშვილის ნაცნობები გვიყვებიან სკოლის დამთავრების შემდეგ ის ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში ხორცის მჭრელად - ყასბად მუშაობდა და სწორედ ეს სახელი აარჩია კრიმინალურ დაჯგუფებაში საკუთარი თავის იდენტიფიცირებისთვის.

მიხეილ ჩხიკვიშვილი მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ 6 ივლისს სტამბული-კიშინიოვის რეისზე დააკავა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირების შემდეგ მას 4 მუხლით გაასამართლებენ, თითოეულისთვის გათვალისწინებული სასჯელის შეკრების შემდეგ  ჩხიკვიშვილს 50 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ავტორი: ნინო ჟიჟილაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი