დაღუპული ბაიკერის საქმეზე დაკავებული პოლიციელის სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიისთვის დახურული იყო. მხარეებმა კომენტარები პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთეს. როგორც პროკურორმა განაცხადა, პატრულ-ინსპექტორი მოძრაობის წესების დარღვევით გადაადგილდებოდა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია:
"დევნის ოპერაციაში, როდესაც თავდაპირველად შენიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, რომ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა გარდაცვლილი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი და არ ემორჩილებოდა, ასე ვთქვათ, შუქნიშნის შესაბამის ნიშნებს, ამის შემდეგ დაიწყო დევნა. დევნის ოპერაციაში ჩართული იყო რამდენიმე ეკიპაჟი, 2 ამ შემთხვევაში და როდესაც შენიშნეს, რომ ეს ადამიანი უკვე აღარ იყო მათი თვალთახედვის არეალში, როგორც თავად განმარტავენ, ჩაუხვიეს ხუციშვილის ქუჩაზე, გადაკვეთეს ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი და სწორედ ამ დროს მოხდა შეჯახება. ამ ეტაპისთვის გამოვლენილი არის, რომ ამ შემთხვევაში ბრალდებული მოძრაობდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით და სწორედ ამან გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა," - განაცხადა პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა.
ადვოკატი კი უარყოფს, რომ ეს დევნის ოპერაცია იყო და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბაიკერის შეჩერებას ცდილობდა.
თავად ბრალდებულ პოლიციელს დღეს სასამართლოზე არაფერი უთქვამს:
"ვერ დავარქმევ დევნის ოპერაციას, ვინაიდან ბაიკერმა რამდენჯერმე დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რაც ამკრძალავ ნიშნებზე გავლას გულისხმობს... საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მას ხმამაღლა მოლაპარაკეთი მოუწოდებდნენ შეჩერებას, მაგრამ იგი კიდევ დაუსხლტა მათ და შემდეგ განაგრძო დიდი სისწრაფით მოძრაობა. რაც შეეხება დევნის ოპერაციას, მე ვერ დავარქმევ იმიტომ, რომ აქ უბრალოდ ცდილობდნენ მის შეჩერებას," - ამბობს ადვოკატი,ზაზა კვირკველია.
ბრალდებულ პოლიციელს დღეს მოსამართლემ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მისი 5 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 2 დღის წინ მოხდა. სამართალდამცველები მოპედით მოძრავ მამაკაცს მისდევდნენ, რა დროსაც პატრულის ერთ-ერთმა ეკიპაჟმა სავარაუდოდ გზის სავალი ნაწილი გადაკეტა. ამას კი ავტოავარია და ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება მოჰყვა.