1 აშშ დოლარი ბანკებში უკვე 3 ლარი და 25 თეთრი ღირს. რეზერვებიდან 40 მლნ დოლარის გაყიდვამ ვერ ჩააქრო ბაზარზე დაწყებული პანიკა.
ოფიციალური კურსი დღეს კიდევ 4 თეთრით გაუფასურდა, რამაც მილიონობით მოქალაქის ისედაც რთული ცხოვრება კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა.
მოქალაქეების მთავარი პრობლემა რომ სიღარიბეა, დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა IRI-ს კვლევამ. გამოკითხულთა 31% მათი ოჯახის უმთავრეს გამოწვევად სწორედ უმუშევრობას ასახელებს, 15% ეკონომიკის არაჯანსაღ მდგომარეობას, 8% სიღარიბეს.
ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია და ლარის ვარდნასაც და კრიზისსაც კორონავირუსის პანდემიას აბრალებს.
ეკონომისტების აზრით წინა წლებში, ოცნების მიერ დაშვებული შეცდომების გამოა ქვეყანა უფსკრულის პირას. სესხად აღებული მილიარდები კი ეკონომიკური განვითარების ნაცვლად, პარტიულ ინტერესებს მოხმარდა.
თუკი ქვეყანაში რადიკალური რეფორმები არ დაიწყო, ოპოზიცია უმძიმეს ზამთარს, უმუშევრობის ახალ ტალღას და ასეულობით კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს.
ბიუჯეტიდან ხარჯების შემცირების და მოსახლეობის დახმარების ნაცვლად, ხელისუფლებამ რიგი ბიუროკრატიული ხარჯები პირიქით გაზარდა.
2020 წლის პირველი ექვსი თვის ხარჯები "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" დაითვალეს. გაირკვა რომ შარშანდელთან შედარებით 19%-ით, 127 მლნ ლარამდე გაიზარდა სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება.
წლის დასაწყისიდან მარეგულირებელმა უკვე დახარჯა 400 მლნ დოლარამდე. თუკი ვარდნა ისევ გაგრძელდა, წლის ბოლომდე შესაძლოა ერთი ამდენის დამატება გახდეს საჭირო, რაც რეზერვებს კრიტიკულ ნიშნულამდე შეამცირებს.