"TV მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ჟურნალისტსა და ოპერატორს თბილისში, დიდუბეში ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ სცემეს. ძალადობაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
ბექა პირველს დაზიანებები თავისა და სხეული სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შოთა სადაღაშვილს კი ხელი აქვს ნაღრძობი. ჟურნალისტი მომხდარს უკავშირებს მათ ეთერში რამდენიმე დღის წინ გასულ მასალას საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებულ პრობლემებზე, რომელიც მძღოლებს არ მოეწონათ.
"მთავარი არხი" ესაუბრა ბექა პირველს, რომელსაც ღუდუშაურის კლინიკაში გამოკვლევები უტარდება. ის ამბობს, რომ ერთ-ერთმა მძღოლმა მათ მგზავრობის შესაძლებლობა არ მისცა, გადმოუყარა ჩანთები, შემდეგ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. ოპერატორი ამბობს, რომ ფეხზე დამოუკიდებლად ვერ დგება.
"ბილეთები ავიღეთ, ავდიოდით მარშუტკაში, ამ დროს მძღოლმა დაგვიძახა, გვიცნო სავარაუდოდ, თქვენ არაკაცები ხართო, კაცურ საქციელში იჭრებითო, რატომ აკეთებთ ეგეთ რაღაცებსო... შემდეგ აღარ წაგიყვანოთო, ფული დაგვიბრუნა და აღარ მიმყავხართ აქედანო. საშინელი ენით გვაგინებდა. ჩანთები რომ ჩამოგვიყარა მაგის გადაღება დავიწყე, გადაღება დავიწყე თუ არა, იმ წამს ხუთი კაცი დაგვესია, ვინ სად გვირტყამდა, ახლაც ვერ ვიაზრებ, მარტო ის მახსოვს, რომ შუაში მომიმწყვდიეს და თავში მირტყამდნენ გამეტებით, წიხლებს და ხელებს, ყველაფერს.... სავარაუდოდ, მეუბნებიან, რომ ჰემატომაა თავის ტვინის", - ყვება ბექა პირველი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, სუფსაში, თავს დაესხნენ "მთავარი არხის" ჟურნალისტს ლადო მენაბდესა და ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს. დააზიანეს არხის კუთვნილი ტექნიკაც. იხილეთ: