გორში, რკინიგზის დასახლებაში, არაოფიციალური კომენდანტის საათია, შეურაცხყოფას აყენებენ და აკავებენ მოქალაქეებს | რა პასუხი აქვს შსს-ს

გამოქვეყნდა:

თითქმის ერთი თვეა გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში არაოფიციალური კომენდანტის საათია გამოცხადებული. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ საღამოს 9 საათის შემდეგ პოლიციელები მათ ქუჩაში გადაადგილებას უკრძალავენ და სახლში ყოფნას აიძულებენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ საღამოობით ეზოში ყოფნის საშუალებაც არ ეძლევათ. ხშირად ყოველგვარი განმარტების გარეშე, ღამის საათებში ქუჩაში მყოფ მოქალაქეებს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები აჩერებენ, ჩხრეკენ და სახლში შესვლას აიძულებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც.

ადგილობრივები გამკაცრებული საპოლიციო მოქმედებების მიზეზს ვერ ხსნიან. პოლიცია ბრალდებებს უარყოფს.

"ყველა პატიოსან მოქალაქეს უნდა უხაროდეს ბევრი პოლიციელი ნებისმიერ ქალაქის უბანში, ხომ ეგრეა?!" - ასე პასუხობს გორის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე კითხვას - რა არის გამკაცრებული საპოლიციო ღონისძიებების მიზეზი.

ღამ-ღამობით რკინიგზის დასახლებაში დაკავებულ მოქალაქეებს შსს ერთი და იგივეს - პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. საქმეებს გორის რაიონული სასამართლო განიხილავს. იურისტების მტკიცებით, მომხდარი კითხვებს მოსამართლესაც უჩენს, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლოს ხშირად ყოველგვარი  მტკიცებულების გარეშე  მოქალაქეებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად აცხადებს და აჯარიმებს.

რკინიგზის დასახლებაში მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიემართათ. ათობით მოქალაქის საჩივარი, რომელსაც ადვოკატები გამომძიებლებს რამდენიმე დღეში გადასცემენ, უკვე მზადაა. 

ავტორი: დავით კობიძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი