
"ეს არის პოლიტიკური სიგნალი მთელი სამყაროსთვის, რომ საქართველო არ არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საუბრობს და შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას ეხმაურება.
''შინაარსი ამ განცხადების არის ის, რომ შეუძლებელია ამერიკელები ეხმარებოდნენ საქართველოს მთავრობას და შემდეგ მთავრობა ფულს ხარჯავდეს დასავლეთის და კონკრეტულად ამერიკის გაშავებაზე, აბრალებდნენ ათას სისულელეს: "რაღაცა გლობალური ომის პარტია'', ''ჩვენი ჩართვა უნდათ ომში" და ათასი სისულელე. ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება, ეს გააჩერონ. რომ გითხრათ ფისკალური ეფექტი ამას ექნება, რომ ვაიმე, ამის გამო ბიუჯეტში ფული არ ექნება, ეგრე არ იქნება, მაგრამ ეს არის პოლიტიკური სიგნალი მთელი სამყაროსთვის, რომ საქართველო არ არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი. დეზინფორმაციის, პროპაგანდის და დასავლეთის გაშავების ბოლო, საბოლოო ჯამში ამ ქვეყნისთვის არის ამ ქვეყნის სრული იზოლაცია დასავლეთიდან და ეს მარტო ამერიკის შეერთებული შტატები არ იქნება, ეს იქნება მთლიანად დასავლეთი, ამერიკაც და ევროპული ქვეყნებიც და დარჩება ერთი-ერთზე რუსეთთან, რაც ჩვენ ისტორიის განმავლობაში ბევრჯერ გვინახავს", - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.