ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ხაშურის მერიაში - ხაშურის მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი, სერგო ლალიაშვილი, მერის მოადგილეს, ზვიად გოგუაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა, ზაზა მეხრიშვილმა გაავრცელა. ის "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ ინციდენტი გუშინ, საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მოხდა. მიზეზი, მისი თქმით, "ბიბლიოთეკის თემა" გახდა.
ხაშურის მერიაში დღეს მივიდა მერის მოადგილე, ზვიად გოგუაძე, რომელმაც მომხდარს სამსახურებრივი გაურკვევლობა უწოდა.
"ნებისმიერ საქმიანობაში, როცა ადამიანები საქმეს აკეთებენ არის გაურკვევლობები სამსახურებრივი. არ არსებობს სამსახური როცა გაურკვევლობა არ არის. სამსახურებრივ გაურკვევლობას ვადასტურებ, რომელიც მოგვარდა და ეს არის სამსახურებრივი გაურკვევლობა. შემომეჭრა და გადამეჭრა არა. არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ იყო, ეს იყო სამსახურებრივი გაურკვევლობა, რომელიც, პირდაპირ გეუბნებით, რომ მოგვარდა და სამუშაოს ვაგრძელებთ," - განაცხადა გოგუაძემ.
მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, სერგო ლალიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა.