21 წლის პატიმარი, დავით ამირხანოვი და მისი ოჯახი პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს. საქმეში მთავარ კითხვას ის აჩენს, რომ პოლიციელებს ახალგაზრდა კაცის ჩხრეკისა და დაკავების ამსახველი ვიდეოკადრები არ გადაუღიათ. არადა მათ ამას კანონი ავალდებულებს. არ არსებობს არც სამხრე კამერების ჩანაწერები, რომელიც ბრალდებას გაამყარებდა.
21 წლის პატიმრის ოჯახი და მისი ადვოკატი დარწმუნებულები არიან, რომ ამირხანოვი ციხეში შურისძიების გამო გაუშვეს. "მთავარის" მოპოვებული მასალის მიხედვით ათამდე სამართალდამცველი დაკავებულისგან დნმ პროფილის აღებას იძულებით ცდილობს.
ყველაფერი ოთხის თვის წინ ამირხანოვის ტელეფონზე შესული ზარით დაიწყო, იმ დღეს დავით ამირხანოვმა ჰუალინგის ტერიტორიაზე მანქანის მიყვანა ვერ მოახერხა. ბრალდებულის დეიდა იხსენებს, რომ მეორე დღეს უცნობმა პირმა მის დისშვილს იგივე თხოვნით ისევ დაურეკა. 20 მარტს, დღის მეორე ნახევარში ამირხანოვი ჰუალინგის მიმართულებით დაიძრა. შეთანხმების მიხედვით, ავტომობილი დაინტერესებული პირისთვის სწორედ ამ ტერიტორიაზე უნდა ეჩვენებინა. ადგილზე მისულს კლიენტის ნაცვლად პოლიციის ათობით ეკიპაჟი დახვდა.
ბრალდებულის ოჯახი და უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ეს წინასწარ დადგმული დაკავების ოპერაცია იყო და რომ 21 წლის ახალგაზრდა განზრახ ისეთ ტერიტორიაზე მიიყვანეს, სადაც იცოდნენ რომ კამერები არ იყო. ბრალდებულის ოჯახი და ადვოკატები გვიყვებიან, რომ დავით ამირხანოვს, რომელიც წარსულში ნასამართლევია, პოლიცია თითქმის ყოველ დღე აჩერებდა და ჩხრეკდა. ამ ფაქტმა ახალგაზრდა სამართალდამცველებთან სიტყვიერ დაპირისპირებამდე მიიყვანა, ეს კი არ აპატიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კითხვას არ პასუხობს. საქმეზე დასკვნითი პროცესი 7 აგვისტოს არის ჩანიშნული.
ავტორი: დავით კობიძე.