თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

თბილისში მუქარისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი,  აფგან სადიგოვი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა, სანამ სასამართლო ექსტრადირების საკითხზე იმსჯელებს. ადვოკატები გეგმავენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ, თუმცა ჯერ ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილებას ელოდებიან. მანამდე კი სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად უსაფრთხო იქნება სადიგოვის აზერბაიჯანში გადაყვანა. 

"თვითონ შინაარსი რაც არის ბრალის, რაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ არის გადმოცემული, აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მოგვეთხოვა დაპატიმრება. გამოძალვაში ედება ბრალი, ორ ეპიზოდში და ეს საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ მოგვეთხოვა დაპატიმრება. ყველაფერი, შემდგომში უფრო ცხადი იქნება, როდესაც განხილვა მოხდება უშუალოდ, არსებითად საექსტრადიციო მასალების," - განაცხადა პროკურორმა, კონსტატინე ცერცვაძემ. 

აფგან სადიგოვის ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის თქმით, ჟურნალისტი თბილისში 2023 წლის დეკემბერში შემოვიდა, მის წინააღმდეგ საქმე კი ექვსი თვის შემდეგ აღიძრა. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, როდესაც ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა საზღვრის გადაკვეთა სცადა, უკვე ცნობილი იყო, რომ ის აზერბაიჯანში იძებნებოდა, თუმცა სადიგოვი არავის დაუკავებია და მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს. 

"არაერთხელ უთქვია [აფგან სადიგოვს], რომ ყველაფერი რაც უკავშირდება მას, ეს არის მის საქმიანობასთან დაკავშირებით. მიდის პირდაპირ მიზანმიმართული დევნა, როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, რომელიც ამხელს იქ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და იქ არსებულ მდგომარეობას. გასული წლის დეკემბერშია პიროვნება შემოსული და ფაქტობრივად ექვსი თვის შემდეგ არის საქმე აღძრული. თუ საქმე იყო აღსაძრავი და რამე პრობლემა იყო 6 თვე არ ვიცი რას ელოდებოდნენ, ან რა მტკიცებულებები უნდა მოეპოვებინათ.  მეორე მომენტი, როდესაც აქ ლაპარაკი არის, თავად აფგან სადიგოვს არავინ დაჰკავშირებია, არანაირი უწყება არ ყოფილა და შესაბამისად ახლა აზერბაიჯანში დამოუკიდებლად რა გამოძიება მიმდინარეობს ვინმეს წინააღმდეგ, შესაბამისად ცნობა არავის არ ექნება," - ამბობს ადვოკატი. 

აფგან სადიგოვის ცოლის სევინჯ სადიგოვას თქმით კი, თუ მას აზერბაიჯანში დააბრუნებენ  სადიგოვს არათუ დაიჭერენ არამედ მოკლავენ, რადგან ის ალიევს აკრიტიკებს. 

"აფგანი ორჯერ იყო დაკავებული, სარდაფში ამყოფებდნენ და ელექტროშოკიც კი გამოიყენეს. ათი წელია ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ. მე თავად რეპორტიორი ვარ და ვიცი რასაც ვამბობ. თუ აფგანს აზერბაიჯანში წაიყვანენ მას კი არ დაიჭერენ არამედ მოკლავენ. მას მკაცრად დასჯიან, ვიცი რაც ელოდება. ის აკრიტიკებს ალიევს იმ უსამართლობაზე რაც ხდება ქვეყანაში," - ამბობს სევინჯ სადიგოვა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გუშინ დააკავეს.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი