ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ გამოძება თვითმკვლელობას ისევ ამტკიცებს. მისივე თქმით, პროკურატურას მკვლელის პოვნა არ უნდა.
რას ჰქვია უცხო დნმ-ი აღმოჩნდა მანქანაში, არ არის საინტერესო იმისთვის, აბა, რა არის საინტერესო. თუკი მარტო წავიდა და მარტო იკლავდა თავს, რატომ უნდა აღმოჩნდეს უცხო დნმ მანქანაში. იმის მაგივრად, რომ გაატარონ ევაკუატორი, დადონ ზედ მანქანა, რამდენად დაიჩხაპნება, თამარის მანქანას, როგორც ჰქონდა დაჩხაპნილი კარებზე. ჩაატარონ ეგ ექსპერიმენტი, მარტო ბუზებს რომ ითვლიან იქ და მაგით არიან დაკავებულები. რატომ არ ატარებენ? და მაგიტომ გადმოიტანეს ისევ აქცენტი და ყურადღება თვითმკვლელობაზე, რომ არ უნდათ ამის გამოძიება და არ უნდათ მკვლელის პოვნა, - ამბობს თეონა თამაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დღეს ასევე გაასაჯაროვა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია იყო. მათივე განცხადებით, გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.