
"აფხაზეთში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე საუბარი არაა" - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, რუსულ პროპაგანდისტულ მედია РИА-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მანამდე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირის ყურეში რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი ბაზა გაჩნდება და შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
"რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, ჩვენ არ ვსაუბრობთ იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე", - განაცხადა შამბამ.
მისი თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის მრავალმხრივი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობაა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში.
"თქვენ იცით, რომ მე-7 რუსული სამხედრო ბაზა არის განთავსებული რესპუბლიკაში. რუსეთის სასაზღვრო ჯარები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაზე."- აღნიშნა შამბამ.
როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია წერს "2000-იან წლებში ოჩამჩირის ყურე გამოიყენებოდა აფხაზეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სამოქალაქო გემებისა და სამხედრო გემების ერთობლივი განლაგებისთვის. 2009 წლის იანვარში ბაზა გადაეცა რუსეთის ფედერაციას გემებისა და კატარღების ბაზის მოსაწყობად და ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები. ამჟამად იქ ბაზირებულია რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის საპატრულო გემები და სანაპირო დაცვის კატარღები".
სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 6 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე ის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა. სერგეი შამბა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 1997-დან 2010 წლამდეც იყო.