პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატს ფალსიფიცირებული მტკიცებულებების წარმოდგენაში ადანაშაულებს და სამართლებრივი რეაგირების დაწყებას აპირებს. ბრალდების მხარის მტკიცებით, ადვოკატმა წყაროც არ დაასახელა, რამაც გამოძიებას კიდევ უფრო მეტი ეჭვი გაუჩინა.
პროკურატურაში გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ მიხეილ რამიშვილმა საკუთარი წყარო საჯაროდ დაასახელა. "სპუტნიკის" ერთ-ერთ დამფუძნებელს დავით ფურცხვანიძეს დაურეკა და მას მტკიცებულებების გადაცემის დადასტურება სთხოვა.
პროკურატურა ადვოკატის მიმართ ბრალდებების გაჟღერების პარალელურად ამტკიცებდა, რომ ბაჩალიაშვილმა 18 ივლისს გზა ფონიჭალიდან მაწევნამდე დღის პირველ ნახევარში გაიარა, ჯერ მივიდა ფონიჭალაში დეიდის სახლში, ათ წუთში კი უკვე თეთრიწყაროსკენ გაემართა. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, დაურეკეს და გაიყვანეს თუ არა 23 წლის პროგრამისტი სახლიდან პროკურატურაში არ განუმარტავთ.
ადვოკატები და ოჯახი საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვას ითხოვენ. იურისტებმა პროკურატურას შუამდგომლობებით უკვე მიმართეს და მოუწოდეს, საქმის ადვოკატების დადანაშაულების ნაცვლად მიმდინარე ექსპერტიზებში პროფესიონალები ჩართონ და სატელიტის ამონაწერები, რომელიც დაადასტურებს, რომ თამარის ავტომობილი 18 ივლისიდან მაწევნის მინდორზე იდგა თავად წარმოადგინოს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დღეს გაასაჯაროვა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია იყო. უწყების ცნობით, გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.