შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კრიტიკული დასკვნის შემდეგ, კვლევაში მონაწილე სპეციალისტით გამოძიების დაინტერესებას, სფეროს წარმომადგენლების გამოხმაურება მოჰყვა.
მეცნიერების განცხადებით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ გამოძიება შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ დასკვნით დაინტერესდა, თუმცა კითხვებს აჩენს გამოძიების მხრიდან დასმული კითხვების შინაარსი და ადრესატი. გამოკითხვაზე დაიბარეს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი, რომლის თქმითაც. გამოძიების კითხვების დიდი ნაწილი სეისმოლოგიურ თემებს ეხებოდა, რაშიც მისი განცხადებით ის კომპეტენტური არაა, ამასთან მეცნიერს დაუსვეს კითხვები ორგანიზაციის დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებითაც.
"ყველაფერია მოსალოდნელი, შარშან მე პირადად ცეცხლის ალში გამატარეს და ჩვენი ინსტიტუტის თანამშრომლები, ფაქტობრივად გვაცხადებენ "ენჯეოშნიკებად" და "ხალხის მტრებად" და შავი პიარია აგორებული ჩვენს წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ ჩვენ სამეცნიერო შეხედულებას ვამბობთ.
პროკურატურას რა დავალება აქვს? პროკურორის შეკითხვა იყო ეს, თქვენ საიდან ფინანსდებითო. საიდან ვფინანსდებით წერია ჩვენთან, ღიაა აბსოლუტურად ჩვენი დაფინანსების წყაროები. მე თუ ფული მოგეცი, შენ ხმა არ უნდა ამოიღო? რას ჰქვია, ეს რა ვიღაც ერთეული ადამიანების, რომელიმე პროკურორის, ან მთავრობის პრეროგატივაა? ეს ჩვენი ხალხის ფულია," - აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე.
გამოძიების მოტივები ბუნდოვანია ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძისთვისაც.
"ის რომ პირველადი გაფრთხილების სისტემა არ გაგვაჩნია ეს ხომ ვიცით? ეს ნაკლოვანებაა და ახლა ვცდილობთ ჩვენც და სახელმწიფოც რომ გაკეთდეს, უკაცრავად მაგრამ კითხვები ყოველთვის იქნება და ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ იბარებს გამოძიება ერთი წლის თავზე სპეციალისტებს, როდესაც შეეძლოთ უფრო ადრე დაებარებინათ თუ ასე აინტერესებდათ" - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
შოვის 2023 წლის სტიქიის კვლევის ახალი მასალები დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა აგვისტოს დასაწყისში გაასაჯაროვა.
რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი 2023 წლის 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი არასრულწლოვანის ცხედარი დაკარგულად ითვლება.
ავტორი: დავით კობიძე
იხილეთ ასევე
"კითხვები ჩემს კომპეტენციას ცდებოდა. ძალიან უცნაური იყო ეს პროცესი" | გეოლოგი ლაშა სუხიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
რა ეტაპზეა შოვის ტრაგედიის გამოძიება | შსს-ს და პროკურატურის პასუხი