"ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს" | კობახიძე შაჰინისა და ტერნერის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა და კონგრესმენტმა მაიკ ტერნერმა დღეს, კონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათი აზრით, არ ჩანს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე დაინტერესებული იყოს აშშ-სთან ურთიერთობების გაგრძელებით. 

თავად პრემიერმინისტრის თქმით კი საქართველოს ამ ურთიერთობებში ბევრის შეცვლა არ შეუძლია და ახლა ყველაფერი ამერიკელი პარტნიორების ხელშია. ის აშშ-სგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება. მისივე თქმით, სენატორთან და კონგრესმენთან შეხვედრის დროს რუსულ კანონზე საუბარი არ ყოფილა. 

"მე მქონდა შეხვედრა სენატორთან, კონგრესმენთან, ამერიკის ელჩი ესწრებოდა ამ შეხვედრას და ეს იყო ძალიან გულწრფელი საუბარი. ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ არც სენატორს, არც კონგრესმენს, არც ელჩს ამ შეხვედრაზე გამჭვირვალობის შესახებ კანონი საერთოდ არც უხსენებიათ. 

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე გულწრფელად გავუზიარე როგორც სენატორს, ასევე კონგრესმენს, ასევე ელჩს ჩვენი იმედგაცრუება და შეშფოთება იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ახასიათებს დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ეს უნდა შეიცვალოს. გასული 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ კუთხით. მე გულწრფელად ვესაუბრე სენატორს, კონგრესმენს, ელჩს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვგულისხმობთ ამაში, რას აკეთებდა, მათ შორის, ყოფილი ელჩი, რომელსაც ჰქონდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მცდელობა საქართველოში 2021 წელს. საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია ამ ურთიერთობებში. ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს," - განაცხადა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზეც, რომელიც ამერიკელი პარტნიორების თქმით მათ არ შეხვდა. პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მიზეზები ამერიკელებს უკვე განემარტათ. 

"ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ განმარტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს არის დამოკიდებული პირადად, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე," - ამბობს კობახიძე. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი