"მზადება გასაიდუმლოებული იყო, უკრაინელ მებრძოლებს თავდაპირველად წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ" | კურსკის ბრძოლის დეტალები

გამოქვეყნდა:

უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კურსკის რეგიონში შესვლის პირველ ტალღაში მონაწილეობდნენ, ამბობენ რომ პუტინის არმიის მხრიდან თავდაპირველ წინააღმდეგობას თითქმის არ შეხვედრიან - წერს The Times, რომელიც უკრაინელ სამხედროს ესაუბრა.

ის იხსენებს, რომ 6 აგვისტოს, დაახლოებით 03:00 საათზე გადაკვეთეს საზღვარი:

"ისინი უბრალოდ ბავშვები იყვნენ... როცა დაგვინახეს, მაშინვე ჩაგვბარდნენ. ბრძოლაც არ უცდიათ", - ამბობს ადამი, 38 წლის სამხედრო მედიკოსი ხერსონიდან, ხუთწლიანი საბრძოლო გამოცდილებით. ადამი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც კურსკის რეგიონში შევიდა.

გამოცემა წერს, რომ უკრაინელები თანაბარ წინააღმდეგობას მხოლოდ მესამე დღეს შეხვდნენ, მას შემდეგ რაც ბრძოლაში რუსული სპეცრაზმი ჩაერთო. იქამდე კი მათ ქალაქ სუჯამდე მიღწევა შეძლეს. 

"მათი ამოცანა იყო ქალაქი გაევლოთ და მეთოდურად გაეწმინდათ ყველა საცხოვრებელი შენობა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ შიგნით რუსი ჯარისკაცები არ იმალებოდნენ. მებრძოლების თქმით, წმენდის მეორე დღეს მუშაობა გაცილებით გართულდა" - წერს მედია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კურსკის ოლქში გაგზავნამდე ერთი თვით ადრე უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი ინგლისში გაგზავნეს, სადაც ბრიტანელებთან ერთად რამდენიმედღიანი წვრთნა გაიარეს. ტრენინგზე ძირითადი აქცენტი მაღალსართულიანი შენობების რეიდები იყო.

"თავდასხმისთვის მზადება საიდუმლოებით იყო მოცული. ამან არა მხოლოდ გააკვირვა რუსეთი, არამედ შოკი იყო კიევში, თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთი მაღალჩინოსნისთვისაც" -  წერს The Times.

შეგახსენებთ, უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, 82 დასახლება უკრაინის სამხედრო ძალების კონტროლქვეშაა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ძალების პრესსამსახურმა დღეს  კურსკის ოლქში უკრაინული სამხედრო ოპერაციის პირველი საათების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი