ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ იმ ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელებს, რომლებიც ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს, შემხებლობა არ აქვთ საქართველოსთან და შესაბამისად არც ტექნოლოგიების მუშაობასთან.
საუბარია კომპანია "სმარტმატიკის" საქმეზე, რომლის ორი აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნული კომპანიის ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში:
"ბრალდების ადრესატებს არანაირი ფორმალური თუ იურიდიული შემხებლობა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არ აქვს. რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს დავა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ტექნოლოგიებთან და ტექნოლოგიების მუშაობასთან არ აქვს არანაირი კავშირი." ამბობს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი.
მისივე თქმით, ცესკომ აუდიტი ჩაატარებინა ერთ ერთ ამერიკულ კომპანიას, რომელმაც დაასკვნა, რომ "სმარტმატიკის" ტექნოლოგიები სრულ თანხვედრაშია როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან.
ცნობისთვის, კომპანია, რომლის ტექნოლოგიებითაც 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება, საერთაშორისო კორუფციულ სკანდალში გაეხვა.
კომპანიის ორი აღმასრულებელი დირექტორი ამერიკელმა სამართალდამცველებმა ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს. როგორც ბრალდება ამტკიცებს, აღნიშნულმა პირებმა ქრთამი გადაიხადეს იმისთვის, რომ 2016 წლის არჩევნების დროს ფილიპინების საარჩევნო კომისიას ხმების ელექტრონულად დათვლის შესახებ კონტრაქტი სწორედ "სმარტმატიკთან" გაეფორმებინა და არა მის კონკურენტთან.
ჯერჯერობით, გამოძიება არ ეხება ფილიპინებში ჩატარებული არჩევნების შედეგების სანდოობას.