"შევარდნილან რუსები, უცემიათ, ყველაფერი დალეწეს, იარაღი ჩაუდეს" | აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

გამოქვეყნდა:

საქართველოს სამი მოქალაქე მარიონეტული რეჟიმის ტყვეობაშია. გუშინ ცნობილი გახდა, რომ 17 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები ძმები, მურთაზ და რუსლან ჭითანავები საოკუპაციო ძალებმა საკუთარ სახლში დააკავეს და სოხუმის იზოლატორში გადაიყვანეს.

დაკავებულია მესამე პირიც - არჩილ სექანია.

საოკუპაციო რეჟიმი მათ სხვადასხვა ბრალდებებს უყენებს, მათ შორის, მოქალაქეების უკანონო გზით გადაყვანას ე.წ. საზღვარზე. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "მილიცია" ამტკიცებს, რომ ჩხრეკის შედეგად ნაპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობები და ხელყუმბარებიც. 

"5 დღის წინ მოხდა, ესენი ზუსტად "საზღვარზე" ცხოვრობენ. შევარდნილან რუსები, ამათ დიდი ძაღლი ჰყავთ და ამათ თვალწინ მოუკლავთ, მერე ბიჭები უცემიათ სასტიკად. სახლში ყველაფერი დალეწეს. ხელყუმბარები და ასაფეთქებლები სისულელეა, ჩაუდეს ყველაფერი, არაფერი არ ჰქონიათ მსგავსი არასდროს. კიდევ ერთი ბიჭია დაკავებული. გზად აუყვანიათ, არჩილ სექანია. ამათ მოქალაქეების გადაყვანას ედავებიან, მაგრამ საერთოდ არაფერ შუაში არ არიან" ამბობს დაკავებულების ახლობელი ანონიმურად, "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში.

საქართველოს მოქალაქეების დაკავებას ეხმაურება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და აცხადებს, რომ "ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი". თუმცა სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულია არა სამი, არამედ ორი პირი. 

საქართველოს მოქალაქეებს საოკუპაციო რეჟიმმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი