"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ივანიშვილთან განსხვავებები მათ პარტიას არ აქვს, რადგან მასთან საერთოც არაფერი აქვთ. ამის შესახებ მან გადაცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა.
ივანიშვილთან განსასხვავებელი კი არაფერი გვაქვს, ისინი უნდა დავამთავროთ, სახლში გავუშვათ და მოვიშოროთ. განსხვავებები შეიძლება იყოს ჩვენ შორის, პოლიტიკურ პარტიებს შორის, - ამბობს ბაქრაძე.
მან ასევე ბოლო დროს არსებული კვლევების შედეგებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს ადასტურებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს ოპოზიციას უჭერს და არა "ქართულ ოცნებას". ამბობს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მისივე თქმით, თითქმის 60 % ამბობს, რომ პარლამენტში "ოცნების" უმრავლესობის ნაცვლად ოპოზიციის კოალიციური უმრავლესობის ხილვა სურთ.
ბაქრაძე ამბობს იმასაც, რომ ყველა კვლევაში "ოცნებას" 30-დან 40 პროცენტამდე მხარდაჭერა აქვს. "ანუ, ესეც ნიშნავს იმას, რომ იმ ხალხს შორის, ვინც "ოცნებას" მხარს არ უჭერს, მოსახლეობის იგივე 60%-ია ვისაც არ მოსწონს ქვეყნის მიმართულება და უნდა ცვლილებები".
გადაცემის წამყვანის რეპლიკას, რომ "ეს არ ნიშნავს, რომ თუ "ოცნებას" მხარს არ უჭერს, ის აუცილებლად ოპოზიციას დაუჭერს მხარს", ბაქრაძე პასუხობს, რომ "ეს აუცილებლად მაგას ნიშნავს".
ძალიან მაღალია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პასუხს არ იძლევა და მათი აბსოლუტური უმეტესობა ვინც პასუხს არ ძლება, ოპოზიციის მხარდამჭერია. ამ ქვეყანაში სადაც ქუჩაში გამოსვლის და აქციაზე მოსვლის ეშინიათ, იმისიც ეშინიათ, რომ მკვლევარს უთხრას, რომ მხარს ოპოზიციას უჭერს იმიტომ რომ ხვალ შეიძლება სამსახური დაკარგოს, - ამბობს ბაქრაძე.
ბაქრაძე ამბობს იმასაც, რომ: "ჩემი ამოცანა არაა პრემიერობისთვის ბრძოლა ამ არჩევნებზე, ჩემი ამოცანაა ქვეყანაში მოვიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები და დავამარცხოთ "ქართული ოცნება".
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.