რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ქალაქ სუმის უნივერსიტეტის კონგრეს ცენტრზე დარტყმა იმის გამო მიიტანეს, რომ ამ შენობაში უკრაინელი სამხედროების დაჯილდოება მიმდინარეობდა.
ეს განცხადება პუტინმა სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებზე უარის თქმის შესახებ შეთავაზების შეფასებისას გააკეთა.
"მაგალითად, ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ჩვენი შეიარაღებული ძალების დარტყმა კონგრეს ცენტრზე, სუმის უნივერსიტეტზე. სამოქალაქო ობიექტია ეს თუ არა? სამოქალაქოა. მაგრამ იქ იმართებოდა მათი დაჯილდოება, ვინც კურსკის ოლქში დანაშაულები ჩაიდინა. ამ ადამიანებს ჩვენ მივიჩნევთ დამნაშავეებად, რომლებმაც უნდა მიიღონ დამსახურებული შურისძიება", - თქვა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, რუსეთმა ქალაქ სუმიზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცრე 35 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები, დაშავდა 100-ზე მეტი მოქალაქე. მოგვიანებით, რუსეთმა დაადასტურა, რომ სუმი „ისკანდერ-M“ ტიპის რაკეტებით დაბომბა.