"ხელოვნური აჟიოტაჟი... წერილი 26 აგვისტოს მივიღეთ და ვაპირებთ დეკლარაციების წარდგენას" | ოპოზიციის პასუხი კუპრაშვილს

გამოქვეყნდა:

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ოპოზიციური პარტიები პასუხობენ და  აცხადებენ, რომ ბიურო მიზანმიმართულად ტეხს  ცრუ და ხელოვნურ აჟიოტაჟს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ოპოზიცია შემოსავლებს მალავს. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, კუპრაშვილის ბიუროსგან მხოლოდ გუშინ მიიღეს წერილი, რომ დაფინანსების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია 31 აგვისტომდე უნდა წარადგინონ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დასამალი არაფერი აქვთ და ფინანსურ დოკუმენტაციას კანონის შესაბამისად გადაუგზავნიან ანტიკორუფციულ ბიუროს.  მათივე თქმით, ერთადერთი, ვისი შემოსავლებიც საეჭვოა, ეს ოლიგარქის პარტიაა, რომლითაც რაჟდენ კუპრაშვილის უწყება საერთოდ არ ინტერესდება:

"სამწუხარო აჟიოტაჟი ატეხა ანტიკორუფციულმა ბიურომ, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ წერილი 26 აგვისტოს და კანონით გათვალისწინებულ ვადებში ვაპირებდით და ვაპირებთ დეკლარაციის წარდგენას. პარტია "ახალი", რომელიც 15 მარტიდან შეიქნა, ყოველთვის იცავდა იმ კანონებსა და მოთხოვნებს, რაც არსებობს ანტიკორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ყველა ჩვენი შემოწირულობა არის საჯარო და ყველა ჩვენი ფინანსური საქმიანობა არის გამჭვირვალე. 

ამ სიაში არ მოხვდა ქართული ოცნება, რომელიც გარდა იმისა რომ თითქოს რაღაცას ფორმალურად აჩვენებს, ხარჯავს იმ შავ ფულს, რომელიც არამხოლოდ ანტიკორუფციული ბიუროსთვის  შეიძლება გახდეს საინტერესო, არამედ ჰელსინკის კომისიიდან დაწყებული, სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს, რომ ქოლცენტრების ფული იხარჯება და ა.შ." ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე.

"კორუფციის ჭაობშია ჩაფლული ქართული ოცნება და და ეს მთელმა ქვეყანამ იცის. სპეცრეისებით დაფრინავენ, საშოპინგოდ დუბაი, მილანი...შვილები სპეცრეისებით ამერიკაში სასწავლებლად. ნახევარმილიონიანი საათები, რა დღეში არ არიან და ანტიკორუფციული ბიურო რით არის დაკავებული?! ეს ანტიკორუფციული ბიუროა თუ კორუფციის "გაპრავების" ქართული ოცნებისთვის? " ამბობს გიორგი ვაშაძე კოალიცია "ერთიანობიდან". 

"არასოდეს პარტია არ გაქცევია ფინანსურ ანგარიშგებას. მისი თითოეული თეთრი არის დეკლარირებული და რა თქმა უნდა, ასეც აპირებს გაგრძელებას. ის ვადა, რომელიც აქვს მოცემული შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისთვის აუცილებლად დადგენილ ვადაში იქნება წარდგენილი "ლელოს" და და "ძლიერ საქართველოს" დასამალი არაფერი აქვს. " ამბობს გიორგი სიორიძე, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი. 

შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ, რომელსაც პოლიტიკური პარტიების ფინანსების მონიტორინგი ევალება, დღეს პირველი ანგარიში წარადგინა. როგორც აღმოჩნდა ბიუროს არანაირი შეკითხვა არ აქვს ქართული ოცნების ფინანსებთან დაკავშირებით, არც ჰელსინკის კომისიის განცხადება შეუსწავლია, რომელიც ქართული ოცნების თაღლითური ქოლცენტრებიდან დაფინანსებას შეეხებოდა. სამაგიეროდ რაჟდენ კუპრაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ფინანსურ ანგარიშგებას უწუნებს და დოკუმენტაციის სრულად წარმოსადგენად 4 დღიან ვადას  აძლევს.  
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი