მოსაყდრე შიოს შეხვედრები კანცელარიაში | შეთანხმება, რომელიც ოლიგარქმა დასრულებულად გამოაცხადა, არ არსებობს

გამოქვეყნდა:

რაზე შეთანხმდნენ სახელმწიფო და ეკლესია?!  ირკვევა რომ შეთანხმებაზე რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა დასრულებული უწოდა რეალურად მიღწეული არ არის და მასზე კონსულტაციებიც არ არის დაწყებული. მეუფეების ნაწილი ამბობს,  რომ საკითხის გადაწყვეტას დრო სჭირდება. 

საუბარია კონსტიტუციაში ეკლესიის როლის განსაზღვრაზე.

ცნობილია ის, რომ ეკლესიამ უარი უთხრა "ოცნებას" წინასაარჩევნო შეთავაზებაზე, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს. 

"ჩვენ მთავრობის წევრებთან სინოდის წარმომადგენლებს კონსულტაციები არ გვქონია, კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე ხვდებოდა და საუბრობდა ჩვენ უბრალოდ ამ შემოთავაზებაზე ერთად ვმსჯელობდით. შემოთავაზება უკვე ვთქვით, რომ კათოლიკოს პატრიარქის და სინოდის ყველა წევრის მიერ არ იქნა მიღებული, რადგან ჩვენ გვაქვს უფრო უმჯობესი და უკეთესი ფორმა თანამშრომლობის და შეთანხმების, როდესაც  კონსტიტუციაში ცვლილება იქნება შესატანი, ამაზე შედგება ალბათ უფრო ინტენსიური, ხშირი შეხვედრები და რა ფორმასაც მიიღებს ჩასწორებული ვერსია, მისი ჩვენთვის გაცნობა მოხდება და ამის შემდეგ მოხდება ის უკვე ჩაწერილი და გამოცხადებული ყველასთვის გასაგონად. " ამბობს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.

მიტროპოლიტმა ამ თემაზე ქადაგების დროსაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ცვლილებას სჭირდება დრო და განხილვები - "ნუ ვიფიქრებთ ისე, რომ დღეს გამოვაცხადეთ რაღაცა ცვლილება და ხვალ უკვე კონსტიტუციაში წერია. ყველა ცვლილებას, ყველა კანონს სჭირდება დრო განსჯისთვის  და უმჯობესი ფორმით უნდა მოხდეს ცვლილების შეტანა. ეს არის შემდეგი თვეების სამუშაო, საფიქრალი საგანი, რომელიც აწონ-დაწონის გარეშე არ მოხდება."

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე სატელეფონო კომენტარში ამბობს, რომ შეხვედრა ეკლესიის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, პრემიერ კობახიძესთან კანცელარიაშიც შედგა, რომელსაც მამუკა მდინარაძეც დაასწრეს, ხოლო საპატრიარქოდან მას მიტროპოლიტი შიო, პატრიარქის ქორეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე, პატრიარქის მდივანი გიორგი ბოტკოველი და დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაესწრნენ. 

გუშინ კი ოლიგარქმა გურიაში გამართულ  საარჩევნო შეხვედრაზე საპატრიარქოსთან შეთანხმება დასრულებულად გამოაცხადა და თქვა, რომ "მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა". ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ  საქართველოს კონსტიტუციაში "მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება" და  "ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში."

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი