ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დღევანდელი თავდასხმის შედეგად დაშავებული ადამიანების რაოდენობა 40-ს აჭარბებს, მათ შორის არიან ბავშვები, მედიკოსები და მაშველები.
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, 17:38 საათისთვის ცნობილი იყო 44 დაშავებულის შესახებ მათ შორის შვიდი ბავშვია, რომელთაგან ყველაზე უმცროსი მხოლოდ სამი თვისაა.
ხარკოვის მორიგი დაბომბვის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს მიმართა და მოუწოდა, უზრუნველყონ ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად:
"მსოფლიოში ყველა საჭირო ძალა უნდა იყოს ჩართული ამ ტერორის შესაჩერებლად. ეს მოითხოვს არა არაჩვეულებრივ ძალებს, არამედ საკმარის გამბედაობას ლიდერებისგან - გამბედაობას, მისცეს უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად“, - ამბობს ზელენსკი.
1 -ელი სექტემბრის დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ რუსებმა ხარკოვს, სავარაუდოდ, ისკანდერის რაკეტებით დაარტყეს. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს - სავაჭრო ცენტრზე სალტივსკის რაიონში, ხარკოვის სპორტის სასახლესა და კიევის რაიონში ჰიდროპარკის ტერიტორიაზე.
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე მასშტაბური თავდასხმა 30 აგვისტოსაც მოაწყვეს, რა დროსაც სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა, მათ შორის, 20-ზე მეტი ბავშვი.