"იძულებული გავხდი, დამეტოვებინა ქვეყანა და წამოვსულიყავი ემიგრაციაში"... - ამის შესახებ "მთავარ არხთან" შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, გრიგოლ საკანდელიძე საუბრობს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, აშშ-ში, ემიგრაციაში იმყოფება. ამბობს, რომ უწყებაში არაერთხელ ჰქონია პრობლემა პოლიტიკური შეხედულებების გამო. ანალოგიურს ყვებიან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებიც.
"ვმსახურობდი 1997 წლიდან 2016 წლის სექტემბრამდე შეიარაღებულ ძალებში. 2012 წელს გამიშვეს სასწავლებლად და უკვე რომ შეიცვალა ხელისუფლება, მე ჩამოვედი 2013-ში და მე გავხდი მიუღებელი პერსონა ახალი ხელისუფლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მე რამე პოლიტიკური თანამდებობა არ მეკავა. მაგრამ, ნუ, როგორც მოხდა, ჩვეულებრივად შავ სიაში მოვხვდი და არანაირი პერსპექტივა არ მქონდა. შემდეგ გადავედი შსს-ს გდდ-ში ერთ-ერთი ჩემი მეგობრის თხოვნით და შუამდგომლობით, სადაც ვიმსახურე 2022 წლამდე. იქაც იგივე განმეორდა. წინააღმდეგობა იყო, რომ მე ვიყავი მკვეთრად პროდასავლური ორიენტაციის, განწყობის ადამიანი და ეს იყო მათთვის მკვეთრად მიუღებელი. დაიწყეს შევიწროება, დაიწყეს მუქარები და საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ იძულებული გავხდი, დამეტოვებინა ქვეყანა და წამოვსულიყავი ემიგრაციაში", - ამბობს საკანდელიძე.