"ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საკუთარ შემოსავლებსა და საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციას მალავს - ამის შესახებ "აი, ფაქტი" წერს.
როგორც ჟურნალიტური გამოძიებით დგინდება, საჯარო სამსახურის ბიურომ 2018, 2019, 2020 და 2022 წლებში მისი ქონება შეამოწმა და ოთხივე ჯერზე უარყოფითი დასკვნა დაწერა. ჯაფარიძემ დეკლარაციებში სრულად არც საკუთარი ქონება მიუთითა და არც ოჯახის წევრების. არასრულად იყო მითითებული ინფორმაცია მის სამეწარმეო საქმიანობაზე, შემოსავლებზე, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვებსა თუ ხარჯებზე.
"აი, ფაქტი" წერს, რომ ბოლო დეკლარაცია მან 2023 წლის დეკემბერში შეავსო, რომელშიც 2022 წლის მდგომარეობაა ასახული.
- ვიქტორ ჯაფარიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა ინფორმაცია მეუღლის, ნათია ხვისტანის მიერ 2022 წელს, 800 000 ლარად გაყიდული შპს “all season-ის” წილის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ 800 000 ლარის შემოსავალი დამალა.
- დეკლარაციაში არც “შპს სეტი+”-ს შემოსავალია ასახული. ეს ის კომპანიაა, რომელიც დეპუტატის კუთვნილ სასტუმრო “ფოსტას” ფლობს და მხოლოდ ამ კომპანიას, 2022 წელს, 126 000 ლარზე მეტის გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა. უცნობია, რა შემოსავალი მიიღო სასტუმრომ 2022 წელს ფიზიკური პირებისგან.
- დეკლარაციაში მოხვდა შპს “ქცია 94”, რომლის 66.9%-ს ასევე ჯაფარიძის მეუღლე ფლობს. თუმცა, რატომღაც, დეპუტატს ისევ “გამორჩა” კომპანიის მოგების შესახებ ინფორმაცია - ეს მაშინ, როცა კომპანიის 2022 წლის სუფთა მოგება 859 530 ლარი იყო.
- დეკლარაციაში არც გასავალი ჩანს. მაგალითად, ტელეკომპანია “პოსტ ტვ”-ს წილისთვის გადახდილი 520 000 ლარი.