აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" დეპუტატი, ლევან მგალობლიშვილი ინიშნება. მან მედიის კითხვებს არ უპასუხა, თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ის იქნება. პრეზიდიუმის სხდომა დღეს ჩატარდა და მოქმედი დეპუტატის კანდიდატურა უმაღლესმა საბჭომ მთავრობას უკვე წარუდგინა. აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობის შემდეგ მგალობლიშვილს პროგრამის მოსამზადებლად მაქსიმუმ 2 კვირა აქვს. ამის შემდეგ აფხაზეთის საბჭო მას პლენარულ სხდომაზე მოუსმენს და მხარს დაუჭერს.
რუსლან აბაშიძემ, რომელიც აფხაზეთის მთავრობის მეთაურის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა, წასვლის გადაწყვეტილება მოსახლეობას სოციალური ქსელით შეატყობინა. მან ბევრი მადლობა გადაიხადა, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავს. ისაუბრა წარმატებულ პროექტებზეც, მაგრამ ფაქტები აჩვენებს,რომ ამ წლების მანძილზე დევნილებისთვის ბევრი არაფერი გაკეთებულა. თანხების სავარაუდო არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ კი არსებობს აუდიტის დასკვნა, რომელიც პროკურატურაშია გადაგზავნილი.
იხილეთ ასევე: