ე.წ. ჯართის შემგროვებელი შაქარაშვილის საქმიდან - ლევან ყარყარაშვილს, რომელმაც გახმაურებული მკვლელობის საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება - ფერადი შენობის ტერიტორია გადაწვა, სავარაუდოდ პროკურატურის დავალებებს ასრულებს. მთავარი კი ამ საქმეში ყარყარაშვილის კრიმინალური წარსულია.
ყარყარაშვილის შესახებ საუბრობს 15 წლის წინ, უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული მამაკაცის ოჯახი. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ დაკარგული პიროვნება ყარყარაშვილმა მოკლა:
პოლიცია იმიტომ აფარებდა ხელს, რომ როგორც უნდოდათ და რასაც უნდოდათ იმას აკეთებინებდნენ ყოველთვის - ამბობს დაკარგულის ოჯახის წევრი.
იყენებს თუ არა პროკურატურა ლევან ყარყარაშვილის კრიმინალურ წარსულს სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად, ამასთან დაკავშირებით, გადაცემა "პოსტ ფაქტუმში" დღეს საღამოს, 21 საათზე ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში, ე.წ. ფერადი შენობის ტერიტორია ის ადგილია, სადაც ერთ-ერთი ინფორმაციით, საქმის "ოქროს მოწმე", გური ამირხანაშვილი იმალებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი მეტალის დამუშავებისას გაჩნდა და შენობაც მაშინ დაიწვა:
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს ცეცხლი მოეკიდა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს" - აცხადებდა შსს.
დამწვარი ტერიტორიის ადგილას ბრალდებულების ადვოკატებმა 11 ივლისს საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩაატარეს.
ჟურნალისტი ელისო კილაძე კი ამბობს, რომ სწორედ ე.წ. ფერადი შენობის უკანა მხარეა დანაშაულის ადგილი. ყარყარაშვილის შესახებ კილაძემ "მთავარ აქცენტებში" 14 აგვისტოს ისაუბრა.