შმაგი მუთოშვილს 16-20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება - პანკისში დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

შმაგი მუთოშვილს რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი წარუდგინეს. ის თელავის სასამართლოში გადაჰყავთ, სადაც სასამართლო აღკვეთის შეფარდებაზე იმსჯელებს.

შმაგი მუთოშვილს ბრალად ედება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

შეგახსენებთ, რომ შმაგი მუთოშვილი მოკლული ვისო მუთოშვილის ძმაა, რომლის მკვლელობაშიც ოჯახი ქავთარაშვილებს ადანაშაულებს. 

ოჯახებს შორის დაპირისპირება პანკისში უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. შერიგების რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. შმაგი მუთოშვილი კი პოლიციამ გუშინ, 19 სექტემბერს დააკავა. 

საუბარია 29 ივლისს, სოფელ დუისში, ქავთარაშვილების სახლის დაცხრილვაზე. 

მკვლელობა, რომლის გამოც მუთოშვილები და ქავთარაშვილების დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სოფელ საკობიანოსთან 2019 წელს მოხდა.

37 წლის ვისო მუთოშვილი პოლიციის თვალწინ ჩაცხრილეს.

სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ არბი ქავთარაშვილს 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ რამაზ ხანგოშვილს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში კი დღეს შმაგი მუთოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მუთოშვილი უდანაშაულოა და ის, რასაც მას ედავებიან, პოლიციის ორგანიზებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი