"კომპენსაცია არ არის მთავარი - პასუხი უნდა აგოს ივანიშვილმა, ალიევმა და იმ მოსამართლემ, რომელმაც უკანონო გადაწყვეტილება მიიღო" | მუხთარლი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

"კომპენსაცია არ არის მთავარი - პასუხი უნდა აგოს ივანიშვილმა, ალიევმა და იმ მოსამართლემ, რომელმაც უკანონო გადაწყვეტილება მიიღო",  - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი "მთავარ არხთან" საუბრობს და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მუხთარლიმ საქართველოსა და აზერბაიჯანს დავა მოუგო. 

"საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებმა ახლა სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღასრულონ. გარდა ამისა, საქართველომ უნდა გააგრძელოს გამოძიება. თქვენ იცით, რომ ჩვენთვის უკვე ცნობილია, ვინ გამიტაცა და ამაზე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელმა მისცა ჩვენება და მე ვიცი ერთი ადამიანი, რომელიც ჩემს გატაცებაში მონაწილეობდა. 

ამავე დროს, სანამ ივანიშვილია ხელისუფლებაში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოძიება არ დასრულდება, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მალე საქართველოს ხელისუფლება შეიცვლება და ახალი ხელისუფლება კანონის მხარეს დაიჭერს.

მე ვფიქრობ, რომ კომპენსაცია არ არის მთავარი და ეს ფული, რომელიც მე უნდა მომცენ, არ მოდის ხელისუფალთა ჯიბიდან - არც ივანიშვილის და არც ალიევის ჯიბიდან. ეს ფული ქართველმა და აზერბაიჯანელმა ხალხმა უნდა გადაიხადოს ბიუჯეტიდან. ეს ნიშნავს, რომ ალიევისა და ივანიშვილისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ იქნება რეფორმა და ეს სანქცია დაუწესდება მას, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. პასუხი უნდა აგოს ივანიშვილმა, ალიევმა და იმ მოსამართლემ, რომელმაც უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, გამომძიებლებმა, რომლებმაც არაფერი გამოიძიეს.

მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი, იმიტომ რომ ის უკანონოდ არის დაკავებული. მალე კიდევ ერთი სასამართლო იქნება სტრასბურგში, რომელიც ასეთივე გადაწყვეტილებას მიირებს. ბოლო წლებში ორი რუსი აქტივისტი დააკავეს საქართველოში და გადასცეს რუსეთს, ახლა ისინი რუსეთის ციხეში სხედან. ასე არ შეიძლება. იმიტომ, რომ მერე ამის გამო ფული უნდა იხადოს ქართველმა ხალხმა. საქართველო არ არის მდიდარი სახელმწიფო, მას არა აქვს ნავთობი და გაზი, როგორც აზერბაიჯანს ან რუსეთს, ამიტომ ეს ტვირთად დააწვება ამ ქვეყანას", - ამბობს მუხთარლი.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანში, 30 მაისს დააპატიმრეს. ის წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები. 2022 წელს, მუხთარლიმ საქართველოს პროკურატურას ჩვენება მისცა, სადაც აცხადებდა, რომ აზერბაიჯანმა მის გატაცებაში საქართველოს ხელისუფლებას $3 მლნ გადაუხადა. მუხთარლი ამჟამად პოლიტიკური დევნილის სტატუსით, ევროპაში ცხოვრობს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი