მივეცი ჩვენება, რომ აზერბაიჯანმა ჩემს გატაცებაში საქართველოს $3 მლნ გადაუხადა - მუხთარლი პროკურატურაში გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

მე ამ შენობაში მივეცი ჩვენება, რომ მისაი სეიდოლმა, აზერბაიჯანის პენიტენციური სამსახურის მოადგილემ მითხრა, რომ აზერბაიჯანმა ჩემს გატაცებაში საქართველოს 3 მლნ დოლარი გადაუხადა - განაცხადა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ საქართველოს პროკურატურის დატოვების შემდეგ, სადაც დღეს ის გამოიკითხა.

საგამოძიებო უწყებამ მუხთარლი დაზარალებულად ოფიციალურად ცნო. მუხთარლი მისი გატაცების საქმეზე ბიძინა ივანიშვილისა და ვახტანგ გომელაურის გამოკითხვას ითხოვს. გარდა ამისა, ამბობს, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს გომელაურმა:

"თუ პროკურატურა არ მიიღებს ჩვენებას ივანიშვილისა და გომელაურისგან, ჩვენ სასამართლოში წავალთ ჯერ საქართველოში, როდესაც აქ ყველა ინსტანციას ამოვწურავთ, შემდეგ წავალთ ევროპულ სასამართლოში. მე აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს, რომ ივანიშვილი და გომელაური დაკითხონ. 

კანონის მიხედვით ასეა, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და კანონი მოითხოვს, რომ მათ ჩვენებები მისცენ, ისინი ამაზე უარს ვერ იტყვიან. მე ამ შენობაში მივეცი ჩვენება, რომ მისაი სეიდოლმა, აზერბაიჯანის პენიტენციური სამსახურის მოადგილემ მითხრა, რომ აზერბაიჯანმა ჩემს გატაცებაში საქართველოს 3 მლნ დოლარი გადაუხადა, სხვებმაც მითხრეს ეს. კერძოდ კი აზერბაიჯანის სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ყველაფერ ამის შესახებ ჩვენება მივეცი ამ შენობაში. 

კიდევ ჩვენთან არის აკიფ შორდაროვი, გენერალი რომელსაც ბრალად ედებოდა, რომ კონტრდაზვერვის ფული 10 მლნ დოლარი გაფლანგა საქართველოს ტერიტორიაზე. მისი სასამართლო დახურული იყო, რამდენიმე ხანი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, შემდეგ კი ამ გენერალს ბრალდებები მოუხსენეს" - ამბობს აფგან მუხთარლი.

სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა, წლების შემდეგ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის თბილისიდან მოტაცება და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების  სპეცოპერაცია იყო, რომელზე პასუხისმგებლობასაც გოგაშვილი სუს-ის მაშინდელ უფროსს, ვახტანგ გომელაურს აკისრებს და ამტკიცებს, რომ ამ საქმის შესახებ ინფორმირებული იყო თავად ბიძინა ივანიშვილი. 

"გოგაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაცნობის უფლება არ მოგვცეს. გადმოგვცეს დადგენილება ამ უფლების შეზღუდვაზე, რომელსაც აუცილებლად გავასაჩივრებთ ზემდგომ პროკურორთან და ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ. გვაქვს ინფორმაცია, რა ინფორმაციაც აქამდე გვქონდა. რაიმე დამატებით ახალი, ჩვენთვის ცნობილი არ გამხდარა " - ამბობს მუხთარლის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანში, 30 მაისს დააპატიმრეს. მუხთარლი წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები. 

მუხთარლი ამჟამად პოლიტიკური დევნილის სტატუსით, ევროპაში ცხოვრობს. გოგაშვილის აღიარების შემდეგ ის თბილისში კიდევ ერთხელ ჩამოვიდა და მთავარ საგამოძიებო უწყებას მიმართავს.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი