დაპირისპირება "ოცნების" კლანებს შორის ახალქალაქში | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ახალქალაქში "ქართული ოცნების" კლანებს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზი "მთავარი არხის" ინფორმაციით, ტენდერები გახდა.

არსებული ინფორმაციით, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი ფიქრობდა, რომ მის მეგობარსა და მეზობელს ხაჩიკ მოსოიანს მისი ჩანაცვლება და ტენდერებიდან გაგდება სურდა. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებაში მონაწილე პირები მომხდარს უარყოფენ, ადგილობრივები ჰყვებიან, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს ორი დღის წინ "ქართული ოცნების" აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ამ ჩხუბზე თბილისში უფრო საუბრობენ ვიდრე ახალქალაქში. რატომღაც თბილისში ატყდა აჟიოტაჟი. აქ ვისაც გინდათ ჰკითხეთ, ამ ტყუილს არავინ დაიჯერებს. ხაჩიკ მოსოიანი ჩემი მეზობელია და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის, რომ ტენდერების გამო დავუპირისპირდით ერთმანეთს ხალხის მოგონილია. მოსოიანი ტენდერებში მონაწილეობს ხოლმე, როგორც სხვები. მე ბიზნესი საერთოდ არ მაქვს და არც ტენდერებში ვიღებ მონაწილეობას.

თქვენ, როგორც პოლიცია ისე იძიებთ ამ საქმეს, ნუ იქცევით ჟურნალისტები პოლიციელებად. ისეთ კითხვას მისვამთ, რაც თქვენი საქმე არ არის. თუ იქ იყო ჩხუბი, ამას პოლიცია გამოიძიებს. მე გამოკითხვაზე არავის დავუბარებივარ. თქვენ საუბრობთ 15 დაზარალებულზე და სად არიან ისინი? მე ასეთი არავინ მინახავს, არც ამ ჩხუბის შესახებ ვიცი რამე. ყველაფერი ჟურნალისტებისგან გავიგე," - ამბობს ნაირი ირიციანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე.

მოსოიანის ტენდერებში მონაწილეობასა და დაპირისპირებას უარყოფენ მისი ახლობლები - "ჩემი ქმარი ტენდერებში არასდროს მონაწილეობდა. ახლა სახლში არ არის, არ ვიცი სად შეიძლება იყოს. ნაირი ირიციანი ჩვენი ოჯახის ახლობელია. ჩემს ქმარს მასთან ახლო ურთიერთობა აქვს და მათ შორის დაპირისპირება ნამდვილად არ ყოფილა. ტენდერებს რაც შეეხება არ არის სიმართლე".

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაპირისპირების დროს 15 ადამიანი დაშავდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი