"არცერთი ფორმით არ ვითანამშრომლებთ ივანიშვილისა და "ოცნების" ავტორიტარულ რეჟიმთან" | რა გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაში "კოალიცია ცვლილებისთვის" მემორანდუმს

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა დღეს საჯაროდ მოაწერეს ხელი მემორანდუმს, სადაც პირობა დადეს, რომ პარლამენტში არჩეული არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ივანიშვილისა და "ოცნების" ავტორიტარულ რეჟიმთან.  პოლიტიკური ერთობის ლიდერებმა შესაბამისი ვალდებულების აღებისკენ მოუწოდეს ოპოზიციის სხვა წევრებსაც.

"კოალიცია ცვლილებების" ინიციატივას ოპოზიციაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა იყო განსხვავებული აზრიც.

"ნებისმიერი წინასაარჩევნო განაცხადი, რომ არცერთი პარტია არ შეუქმნის ივანიშვილს მთავრობას, მისაღებია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ასეთი კითხვები არსებობს, სავარაუდოდ ამ კითხვების სამიზნე სხვა პარტიები არიან,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

"ძლიერი საქართველოს" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პირობა შეიძლება იყოს უფრო მკაცრიც.

"ოპოზიციის ყველა წევრმა ვინც იქნება საპარლამენტო გამსვლელ სიაში, უნდა აიღოს ვალდებულება, რომ გაყალბების შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი მიიტაცებს არჩევნებს, უარს იტყვის საპარლამენტო მანდატზე," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებს. პარტიის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ მათ საკუთარი საქციელით უკვე დაამტკიცეს რომ თანამშრომლობას არ აპირებენ.

"ჩვენ 4 წლის წინ დავტოვეთ ოცნება  და მათთან თანამშრომლობა რომ გვდომებოდა, ვითანამშრომლებდით სახელისუფლებო პოზიციების მხრიდანაც, ჩვენ ვიყავით პირველი პარტია, რომელმაც ჩვენი წითელი ხაზები მკაფიოდ გავავლეთ. მე შევახსენებ საზოგადოებას, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვითანამშრომლებთ არც "ქართულ ოცნებასთან" და არც "ნაციონალურ მოძრაობასთან"," - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

იხილეთ ასევე
"კოალიცია ცვლილებისთვის" მემორანდუმი: პარლამენტში არჩეული არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ივანიშვილისა და "ოცნების" ავტორიტარულ რეჟიმთან

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი