შმაგი მუთოშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით, თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესის პარალელურად კი პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში მუთოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა.
ადგილობრივები ამ წუთებშიც არიან შეკრებილები და ამბობენ, რომ მუთოშვილი უდანაშაულოა და უნდა გათავისუფლდეს. მათი თქმით, ის რასაც დაკავებულს ედავებიან, პოლიციის ორგანიზებულია.
შმაგი მუთოშვილს ბრალი ოფიციალურად დღეს, რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს, რის შემდეგაც თელავის სსამართლოში გადაიყვანეს.
მუთოშვილს ბრალად ედება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს
შეგახსენებთ, რომ შმაგი მუთოშვილი მოკლული ვისო მუთოშვილის ძმაა, რომლის მკვლელობაშიც ოჯახი ქავთარაშვილებს ადანაშაულებს.
ოჯახებს შორის დაპირისპირება პანკისში უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. შერიგების რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. შმაგი მუთოშვილი კი პოლიციამ გუშინ, 19 სექტემბერს დააკავა.
საუბარია 29 ივლისს, სოფელ დუისში, ქავთარაშვილების სახლის დაცხრილვაზე.
მკვლელობა, რომლის გამოც მუთოშვილები და ქავთარაშვილების დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სოფელ საკობიანოსთან 2019 წელს მოხდა. 37 წლის ვისო მუთოშვილი პოლიციის თვალწინ ჩაცხრილეს.
სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ არბი ქავთარაშვილს 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ რამაზ ხანგოშვილს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ავტორი: ია გულიაშვილი