სოლიდარობა აფგან სადიქოვს | 10 სექტემბერს თბილისში აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

სოლიდარობა აფგან სადიქოვს - თბილისში ხვალ, 10 სექტემბერს, 12:00 საათზე აქცია გაიმართება. სოლიდარობის აქციის ორგანიზატორი საქართველოს სოციალური სამართლიანობის ცენტრია და წერს, რომ ის მთავრობის კანცელარიასთან ჩატარდება.

"ქართული დემოკრატია კვლავ საფრთხეშია. ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს ადამიანის უფლებების უგულებელყოფას და ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობას და აზერბაიჯანში გეგმავს კრიტიკული ჟურნალისტის, აფგან სადიქოვის ექსტრადიციას.

აფგან სადიქოვი azel.tv-ის მთავარი რედაქტორია, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის სიმართლისთვის. ის აქტიურად წერს აზერბაიჯანში გამეფებულ კორუფციასა და მწვავე სოციალურ საკითხებზე, ხშირად აკრიტიკებს აზერბაიჯანის ავტორიტარულ ხელისუფლებას. სწორედ ამ გამბედავი საქმიანობის გამო, იგი ორჯერ იყო დაპატიმრებული აზერბაიჯანში პოლიტიკური მოტივებით. პატიმრობისას მან 242 დღე იშიმშილა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა.

2023 წლის დეკემბერში სადიქოვი საქართველოში ჩამოვიდა მკურნალობის მიზნით, იმედით, რომ აქ უსაფრთხოდ იქნებოდა. თუმცა, 2024 წლის 3 აგვისტოს იგი დააკავეს ექსტრადიციის მიზნით. აზერბაიჯანი მას მუქარისა და გამოძალვის ბრალდებით ეძებს, რაც აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებაა.

თბილისში რჩება აფგან სადიქოვის მეუღლე და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი. ოჯახი ასევე მუდმივი თვალთვალისა და შევიწროების ქვეშაა. აღნიშნული აქციის ორგანიზებას ოჯახის თხოვნით და თანამონაწილეობით ვგეგმავთ.

აფგან სადიქოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში დაუშვებელია! ამ ქვეყანაში სისტემურად ირღვევა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. ჟურნალისტები განსაკუთრებული დევნისა და შევიწროების ქვეშ არიან. არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადიქოვი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას. ცნობილია, რომ აზერბაიჯანში 200-ზე მეტი პოლიტპატიმარია, მათ შორის არაერთი ჟურნალისტი. სასამართლო სისტემა კი მტკიცებულებების გარეშე განიხილავს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს.

აფგან სადიქოვის საქმე გარკვეულწილად ჰგავს აფგან მუხთარლის საქმეს, რომელზეც საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან უფლებების დარღვევის ფაქტი რამდენიმე დღის წინ ევროპულმა სასამართლომაც დაადგინა. თუმცა, თუ წინა შემთხვევაში აზერბაიჯანის მიმართ ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობა ავტორიტარულ რეჟიმთან უკანონო თანამშრომლობაში გამოიხატა, როგორც ჩანს, დღეს ამას ხელისუფლება ღიად და დაუფარავად აკეთებს, უფლებრივი პრინციპების დემონსტრაციული იგნორირებით.

შემოგვიერთდით აქციაზე.

ერთად დავიცვათ კრიტიკული ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება!
დემოკრატია!

კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის როგორც დემოკრატიული სივრცის იდეა! - წერენ ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა 3 აგვისტოს დააკავეს და მას შემდეგ გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. დაკავების ფაქტს მისი ცოლი და არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ.

"უფლებები საქართველოს" განცხადებით, სადიგოვმა მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, რომ ძებნილია და მის წინააღმდეგ აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

გამოძიების ინფორმაციით, აფგან სადიგოვის დაკავება განხორციელდა აზერბაიჯანის მხარის მოთხოვნით. მას ბრალად ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 188.2.2 და 182.2.4 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. რაც გულისხმობს - „გამოძალვა, უცხო ადამიანისაგან
დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის არაერთგზის
გავრცელების მუქარა“.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს დაკავებამდე, 18 ივლისს, საქართველოს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს. ის ცოლ-შვილთან ერთად თურქეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მესაზღვრეებმა უთხრეს, რომ თურქეთში გამგზავრება მხოლოდ ოჯახის წევრებს შეეძლოთ, ხოლო თავად სადიგოვს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა ქვეყნის დატოვების უფლება, თუ აზერბაიჯანში დაბრუნდებოდა. 

მათ ამის მიზეზი არ განუმარტავთ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც "უფლებები საქართველო" აღნიშნავს,
ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა ინფორმაცია აზერბაიჯანში სადიგოვის წინააღმდეგ აღძრული საქმისა და
ძებნაში ყოფნის შესახებ.

აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საქმე 2024 წლის 9 მაისს აღიძრა. 13 მაისს კი აზერბაიჯანულმა მხარემ დახმარების თხოვნით საქართველოს გენპროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 

2 აგვისტოს აფგან სადიგოვი „უფლებები საქართველოს“ იურისტთან ერთად შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველს, სადაც განიხილეს მისი თურქეთში არგაშვების ფაქტი. შსს-მ არც სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა გახდა მიზეზი აფგან სადიგოვის საქართველოდან არ გაშვების და არც იმის შესახებ აცნობა, რომ პირი ძებნილია და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანში." ნათქვამია უფლებები საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მისი წამოსვლიდან თითქმის ნახევარი წლის შემდეგ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რის შესახებაც სადიგოვს ინფორმაცია არ ჰქონდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი