ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოებაზე პრეზიდენტის მოწვევას პრემიერმა არ უპასუხა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვლადიმერ ონოფრიშვილი ავრცელებს.
"ხვალ, ორბელიანების სასახლის წინ, 13 სექტემბერს, საღამოს, 19:00 საათზე სახალხო ზეიმი გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს.
საღამოს, სასახლის წინ შეკრებილი საზოგადოება დახვდება ოლიმპიელებს, ამას ექნება ნამდვილად, სახალხო ზეიმის სახე, თავისი ყველა ატრიბუტიკით - თავისი მუსიკალური გაფორმებით, მუსიკალური ორკესტრით.
ასევე, ღონისძიების შემდეგ გაიმართება ლელა წურწუმიას და „ჩვენი ბენდის“ კონცერტი და ვფიქრობთ, მართლაც შედგება სახალხო ზეიმი- შეკრებილ საზოგადოებას ექნება საშუალება, შეხვდეს მათ კუმირ სპორტსმენებს, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები და ყველამ ერთად მიულოცოს ჩვენს სპორტსმენებს გამარჯვება!
ჩვენ, ღონისძიებაზე დავპატიჟეთ ყველა, მათ შორის, პრემიერი, არც დასტური და არც უარყოფა არ მიგვიღია", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.