"ეს არის ეროვნული ტრაგედია... 26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ოჯახების გაერთიანების, ბედნიერების, ევროპისა და უსაფრთხოების სასარგებლოდ" | ნიკა გვარამია დემოგრაფიისა და ემიგრაციის სტატისტიკაზე

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის მონაცემებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. გვარამიას თქმით, მონაცემები მძიმეა, როგორც დაბადება-გარდაცვალების თანაფარდობის, ასევე ემიგრაციის თვალსაზრისითაც.

"2024 წლის 6 თვეში 3 632-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ანუ მძიმედ ნეგატიური დინამიკაა. 2020-2023 წლებში საქართველოში 26450 ადამიანით მეტი გარდაიცვალა ვიდრე დაიბადა. ამას გარდა ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოდან გავიდა 157 ათასი ადამიანი და არ დაბრუნებულა. 2022 წელს 14 წლამდე 10 ათასი ბავშვი გავიდა საქართველოდან და არ დაბრუნებულა. ეს აჩვენებს, რომ საქართველოდან მიდიან მთელი ოჯახები ბავშვებიანად. სკოლების 42%-ში 100 ან ნაკლები ბავშვია.

საქართველოს ჭირმა, სახელად "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხი გვაქცია მილევად რეჟიმში მყოფ ერად. რომელიც ნელ-ნელა ქრება, დაბალი დემოგრაფიის და მაღალი ემიგრაციის გამო, როგორც  კონცენტრირებული ეთნოსი კონკრეტულ ქვეყანაში. ეს არის ეროვნული ტრაგედია, ამ ვითარებაში სიღარიბის, ფრუსტრაციის უიმედობის, ბედნიერების გარეშე ცხოვრების, უბედურებისგან გაქცევის მოდუსის გაგრძელება, არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ის რაც დაგვამთავრებს როგორც ხალხს და თუ არ არსებობს ქართველი ხალხი, აღარ არსებობს ქართული ენა და სახელმწიფო.

26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ოჯახების გაერთიანების სასარგებლოდ, შობადობის მიერ სიკვდილიანობის დამარცხების სასარგებლოდ, უნდა გავაკეთოთ არჩევანი ბედნიერების, ევროპის, უსაფრთხოების და წარმატებული ცხოვრების სასარგებლოდ. ქვეყანა დაცლილია, ემიგრაცია ანადგურებს ქართულ ოჯახებს. ქართულ ოცნებას როგორც ჩანს ოჯახის სიწმინდედ და პატივისცემად დაშლილი ოჯახი მიაჩნია.

ჩვენ ვაპირებთ ამის შეცვლას "კოალიცია ცვლილებისთვის" #4 , 26 ოქტომბერს მოგიწოდებთ მოხვიდეთ და მოგვცეთ ხმა ჩვენ, თუ ჩვენ არა მაშინ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას. მოდით არჩევნებზე და შეცვალეთ. თუ მოდიხართ არჩევნებზე "ქართული ოცნება" მარცხდება. თუ არა რჩება ის ტენდენცია რომელიც გვაქვს - ქართველი ერის მილევად რეჟიმში ყოფნა, რაც დასრულდება მისი საბოლოო გაქრობით, და ჩვენი სახელმწიფოებრიობის დამარცხებით. ჩვენი სახელმწიფო ვერ დაამარცხა ვერც შაჰ-აბასმა, ვერც მურვან-ყრუმ, ვერც აღა მაჰმად ხანმა, ვერც რუსეთის იმპერიამ, ნუ დავამარცხებინებთ მას ბიძინა ივანიშვილს,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.


იხილეთ ასევე
საქართველოში ბუნებრივი მატება კვლავ მინუსებშია | 2024 წლის 6 თვეში 3 632-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

2020 წლის შემდეგ საქართველოში შობადობის მაჩვენებელს ყოველწლიურად აჭარბებს გარდაცვალების მაჩვენებელი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი