კობახიძე - დანიგანის შეხვედრა | აშშ-ის საელჩო "მთავართან" აუდიენციის დეტალებს ასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

"შეხვედრა პრემიერმა მოითხოვა, ვწუხვართ შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების გამო" - ასე უპასუხეს აშშ-ის საელჩოდან "მთავარი არხის" წერილობით შეკითხვას, ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა ელჩ რობინ დანიგანსა და პრემიერს შორის გუშინ, 17 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში და რაზე ისაუბრეს მხარეებმა.

"მთავარმა" დიპლომატიურ უწყებას იქამდე მიმართა, ვიდრე ელჩი დანიგანი დღეს ამავე თემაზე კომენტარს გააკეთებდა.

დიპლომატიური უწყების პასუხი ასეთია:

"შეხვედრა პრემიერმა მოითხოვა. ვწუხვართ შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების გამო. არც ერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას ისე, როგორც შეერთებული შტატები. არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ისეთი მხარდამჭერი, როგორც შეერთებული შტატები და არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია იმაზე მეტი, რომ მხარი დაეჭირა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის, ვიდრე შეერთებულ შტატებს. 

აშშ-ის სანქციები ვერ იქნება მსუბუქი, მაგრამ ეს არის სანქცირებული პირების ქმედებების პირდაპირი შედეგი. შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკის არჩევანი აკისრებს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს და მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიასა და ქართველი ხალხის უფლებებს. 

საქართველოს მთავრობას შეუძლია კვლავ დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმის გატარებითა და მნიშვნელოვანი და გაზომვადი პროგრესის დემონსტრირებით", - განუცხადეს "მთავარ არხს" აშშ-ის საელჩოში.

შეგახსენებთ, გდდ-ის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის, ასევე ალტ-ინფოელების დასანქცირების შემდეგ, გუშინ, 16 სექტემბერს პრემიერი კობახიძე აშშ-ის ელჩს შეხვდა და აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე "კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს."

პრემიერი კობახიძე დღესაც მუქარის რეჟიმშია და ისევ იმეორებს, რომ თუ აშშ სანქციებს კიდევ დააწესებს, პრინციპული მსჯელობა იქნება "გარკვეული პოზიციების გადახედვაზე", თუმცა რას გულისხმობს, არ აკონკრეტებს. 

"აღარ მინდა, ღრმად შევიდე ამ თემაში. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ რა თქმა უნდა, ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით" ამბობს კობახიძე. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი