სომხეთში აცხადებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს | ბრალდებულებმა წვრთნა რუსეთის ტერიტორიაზე გაიარეს

გამოქვეყნდა:

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხელისუფლების უზურპაციის მცდელობის მუხლით სომხეთის 5 მოქალაქისა და მთიანი ყარაბაღის 2 ყოფილი მცხოვრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყების მტკიცებით, მათ წვრთნა რუსეთის ტერიტორიაზე გაიარეს.

საქმეში ბრალდებულების ვინაობა არ სახელდება. სასამართლომ სამი მათგანი დააკავა, ოთხი კი ძებნილად გამოცხადდა. გამომძიებლების თქმით, ისინი ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას იარაღის გამოყენებით აპირებდნენ.

ვარაუდობენ, რომ ბრალდებულებმა სომხეთის მოქალაქეები და მთიანი ყარაბაღის ყოფილი მაცხოვრებლები თვეში 220 ათასი რუბლის ოდენობით ჯილდოს სანაცვლოდ გადაიბირეს. გადაბირებულები დონის როსტოვში გაგზავნეს სასწავლო ბანაკში,რათა ახალი ტიპის მძიმე იარაღის მართვა ესწავლათ. ასევე ისინი შეამოწმეს პოლიგრაფზე.

ამის შემდეგ გადაბირებულებს აცნობეს, რომ საწვრთნელი ბანაკის საბოლოო მიზანი იყო სომხეთში დაბრუნება მოქმედი ხელისუფლების დასამხობად. ისინი გაწვრთნილი იყვნენ დახურულ ნაგებობებში და შენობებში საბრძოლველად. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ზოგიერთმა მოქალაქემ უარი თქვა გადატრიალებაში მონაწილეობაზე და სახლში დაბრუნდა.

გამომძიებლები ამბობენ, რომ ჯგუფს თანამზრახველები ჰყავდა რუსეთში, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. მოსკოვს ამ შეტყობინებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთის მცდელობებზე შეცვალოს ხელისუფლება სომხეთში ისაუბრა ნიკოლ ფაშინიანმაც. მისი თქმით, მოსკოვმა "ღიად მოუწოდა სომეხ მოსახლეობას ხელისუფლების დამხობისკენ" და განაცხადა, რომ "მოსკოვიდან მის წინააღმდეგ პროპაგანდა არ წყდება".

იხილეთ ასევე

ОДКБ საფრთხეს უქმნის სომხეთის შემდგომ არსებობას და სახელმწიფოებრიობას | ფაშინიანი

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი