აფგან სადიგოვმა იზოლატორში შიმშილობა დაიწყო | აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თავს პოლიტპატიმრად თვლის და აცხადებს, რომ მისი დაკავება უკანონოა

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა, დღეს, წინასწარი მოთავსების იზოლატორში, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო. საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი საქართველოს სთხოვს სამშობლოში არ დააბრუნონ, ვინაიდან მისი თქმით, იქ მოკლავენ.

აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას განცხადებით, აფგანი თავს პოლიტპატიმრად თვლის და აცხადებს, რომ მისი დაკავება უკანონოა.

"გუშინ შევხვდი მეუღლეს, მაგრამ ძალიან გვიან, რადგან ხელოვნურად აფერხებდნენ ჩემი შეშვების პროცესს. ეს არის დაკვეთილი საქმე, სახელმწიფომ უკანონოდ დააპატიმრა. არც საემიგრაციო სამსახურმა, არც სხვა შესაბამისმა უწყებებმა, არ განიხილეს აფგანის ქეისი, როცა ის აეროპორტში უკანონოდ დააკავეს და თვითმფრინავში ასვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

ჩემმა ქმარმა შიმშილობა დაიწყო დღეიდან, 21 სექტემბრიდან და დღეს შიმშილობის პირველი დღეა. ამ უკიდურეს ზომას მიმართა იმის გამო, რომ მას უკანონოდ ექცევიან და არღვევენ მის უფლებებს. ამ მომენტისთვის, საემიგრაციო სამსახური უარს ეუბნება ჩემ მეუღლეს, ჩვენ გასაჩივრებას ვგეგმავთ, მაგრამ ამ დრომდე ფორმალურად საჩივრის შედგენის შესაძლებლობას არ გვაძლევენ. საემიგრაციო სამსახური შესაბამის დოკუმენტებს ამ დრომდე არ გვაწვდის. ბოლოს როცა აზერბაიჯანში ის დააკავეს, ის შიმშილობდა, რის გამოც ინვალიდის ეტლში მოუწია ჩაჯდომა. ახლაც თავს ცუდად გრძნობს, შესაძლოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს და ფატალური შედეგი დადგეს. ამიტომ ვითხოვ, რომ მე პოლიტპატიმარი მეუღლის სასწრაფოდ გათავისუფლებას," - ამბობს სადიგოვა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გამოცემის რედაქტორი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. საქართველოში ის გასულ წელს ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვება სცადა, თუმცა აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი