
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასაიას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ ხასაია სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სასამართლომ 2700 ლარით დამაჯარიმა, თუმცა მას ოქმი არ მისვლია, რის გამოც თანხა არ გადაუხდია და ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.
"რუსული კანონის გაპროტესტების დროს აქციაზე დამიჭირეს, კბილი ჩამამტვრიეს, გადამიარეს.
სასამართლო ადგა და 2700 ლარით დამაჯარიმა.
მთელი ეს პერიოდი ოქმი არ მომსვლია, არ ჩამბარებია.
დავრეკე ცხელ ხაზზე, არც მითხრეს სად უნდა ჩამერიცხა, მითხრეს, რომ ოქმს უნდა დავლოდებოდი და ხელი უნდა მომეწერა.
ამ წამს მოწმენდილ ცაზე ყადაღა დამადეს - ყველა ანგარიშზე.
ფორმალურად მაინც გავეფრთხილებინეთ, ზარი მაინც გამოეშვათ…" - წერს გელა ხასაია.
ხასაია 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს და 2 600-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ხასაია პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა და პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა.