"ვცდილობთ, სანქციების გვერდის ავლის ყველა მცდელობას დავუპირისპირდეთ - ყოველ კვირას ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რათა შევძლოთ ჩვენი სანქციების მეტად დაზუსტება" | შარლ მიშელი Sky News-ის საგამოძიებო რეპორტაჟზე

გამოქვეყნდა:

"ვცდილობთ, სანქციების გვერდის ავლის ყველა მცდელობას დავუპირისპირდეთ - ყოველ კვირას ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რათა შევძლოთ ჩვენი სანქციების მეტად დაზუსტება", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Sky News-თან საუბრობს და ბრიტანელი ჟურნალისტების საგამოძიებო რეპორტაჟს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოდან რუსეთში ძვირადღირებული მანქანები სანქციების გვერდის ავლით შედის.

- მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ გამოძიებაზე, რომელსაც Sky News ახორციელებს მრავალი თვის განმავლობაში. რეპორტაჟმა აჩვენა, რომ ძვირადღირებული მანქანები დიდი ბრიტანეთიდან და ევროპიდან მძიმე ტექნიკითა და თვითმფრინავის აღჭურვილობით რუსეთში შედის აზერბაიჯანისა და საქართველოს მსგავსი ქვეყნების გავლით. მე უბრალოდ მინდა თქვენი პასუხი მივიღო ამაზე, რადგან ეს აშკარად არღვევს იმ სანქციებს, რომლებიც დაწესდა.

- შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მომართულები ვართ ევროკავშირის მხრიდან, განვახორციელოთ ძალიან მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ეს გამოწვევაა, რადგან ვიცით, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, დავუპირისპირდეთ სანქციების გვერდის ავლის ყველა მცდელობას. ამიტომ, ჩვენ ყოველ კვირას ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რათა შევძლოთ ჩვენი სანქციების დაკორექტირება, რადგან ჩვენი საერთო ნება ძალიან ნათელია: ჩვენ გვინდა შევამციროთ რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსება. ეს ადვილი არ არის, ეს კომპლექსური საკითხია და ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირი აწესებს სანქციების ამხელა დონეს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ აბსოლუტურად მომართულები ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ვიყოთ ეფექტურები. ჩვენ ვმუშაობთ მესამე ქვეყნებთანაც. 

- მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხელისუფლების ცხვირწინ ხდება. როგორ ფიქრობთ, უნდა დაუწესდეს თუ არა სანქციები მესამე ქვეყნებს, რადგან აშკარაა, რომ ეს სანქციები ამ კონფლიქტიდან ორი წლის შემდეგ არ იძლევა სასურველ ეფექტს. მე ვიცი, რომ თქვენ ამბობთ, რომ გაქვთ ამის გაკეთების სურვილი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ ახდენს დიდ გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე და, რა თქმა უნდა, ასეთი სახის დარღვევები კვლავაც ხდება.

- უბრალოდ შემიძლია გავიმეორო ის, რაც ახლა ვთქვი. ჩვენ აბსოლუტურად მომართულები ვართ. სანქციებს აქვს გავლენა, აქვს ეფექტი. უდავოა, რომ ეფექტი არსებობს. ეს არის ჩარჩო, ამბიციური ჩარჩო იმისთვის, რომ მიზანში ამოვიღოთ კრემლის, მაგრამ თქვენ იცით, რომ როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, არიან აქტორები, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ გარკვეული სისუსტეები და მანევრების გარკვეული საშუალებები და ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ მოვახდინოთ მუდმივი ადაპტაცია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი