კვიპროსის გამო, ევროკავშირმა ისევ ვერ მიიღო სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ისინი გუშინ, 21 სექტემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა საბოლოოდ შეთანხმებულიყვნენ ბელარუსისთვის სანქიცების დაწესებაზე, მაგრამ კვიპროსი კვლავ ამის წინააღმდეგია. 

იმისათვის, რომ ბელარუსს სანქციები დაუწესონ, ევროკავშირს ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. 27-დან 1 - კვიპროსი კი უკვე მესამე კვირაა პროტესტს გამოთქვამს და ითხოვს, ჯერ სანქციები დაუწესდეს თურქეთს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ თურქეთმა 2019 წელს დაიწყო ბუნებრივი აირის მოპოვება კვიპროსის ახლომდებარე ტერიტორიებზე, რაზეც ოფიციალურმა ბრიუსელმა თქვა, რომ შესაძლოა, ხმელთაშუა ზღვისპირეთში საომარი ვითარების ესკალაცია მოჰყვეს თურქეთის ამ ქმედებას. შედეგად, გასულ ივნისს, კვიპროსმა თურქეთისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. 

გუშინდელი სხდომის შემდეგ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ "საჭირო ერთსულოვნებას ევროკავშირმა ვერ მიაღწია". საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის საკითხზე ერთმანეთს 24-25 სექტემბერს კვლავ შეხვდებიან.

ცნობისთვის, კვიპროსის გარდა, საბერძნეთიც ითხოვს ევროკავშირისგან თურქეთის ქმედებების უკანონოდ ცნობას. ამასობაში გერმანია ცდილობს, დაალაგოს დიპლომატიური ურთიერთობები ათენსა და ანკარას შორის, რათა არ გაძლიერდეს საომარი მოქმედებები ხმელთაშუა ზღვაში. პარალელურად, გერმანია ამბობს, რომ თურქეთთან საჭიროა თანამშრომლობა, ნაცვლად სანქციების დაწესებისა, თუ გვინდა, რომ შეწყდეს სირიის კონფლიქტი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი