შეერთებული შტატების მიერ სანქციების 60-კაციან პაკეტში, სავარაუდოდ, კახი კალაძის გვარიც ფიგურირებს. უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" სხვა წევრებთან ერთად სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვა თბილისის მერსაც დაუწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობის მოყვარული მერი ამერიკის ტერიტორიაზე ვერასდროს ჩავა. მიზეზი ქართული დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში მონაწილეობაა.
დღეს პირველად, "ოცნების" გენერალური მდივანი ამ ინფორმაციას აღარ უარყოფდა და მხოლოდ იმაზე საუბრობდა, რომ არ აღელვებს ვინ და რატომ დაასანქცირებს.
პარალელურად, კახი კალაძემ ყველა ევროპულ ბანკში საბანკო ანგარიშები გაანულა. თბილისის მერმა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან დაახლოებით ჯამში 8 მილიონი დოლარი გაიტანა. კალაძის მიერ ევროპული ბანკებიდან ფულის წამოღება დროში ემთხვევა პერიოდს, როცა "ქართული ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებაზე დასავლეთში აქტიურად დაიწყო საუბარი. ჩნდება ეჭვი, რომ კალაძე საკუთრი ქონების გადამალვას უკვე წინასწარ ცდილობდა.
რატომ უცხადებს უნდობლობას მაინც და მაინც ახლა კახი კალაძე იმ ევროპულ ბანკებს, რომლებშიც მილიონობით დოლარს წლების განმავლობაში ინახავდა? "ოცნების" ლიდერი პასუხს არ გვცემს. არადა ჯერ კიდევ გასულ წელს, ერთ-ერთ იტალიურ ბანკში თბილისის მერს 4 მილიონ დოლარზე მეტი ჰქონდა გადანახული. მანამდე კი კალაძე სხვა ევროპულ ბანკებთანაც თანამშრომლობდა. ერთ-ერთი ასეთი შვეიცარიული ბანკი "ჯულიუს ბაერია", სადაც კალაძე 2022 წელს სამ ნახევარ მილიონ ევროსა და 765 ათას დოლარს ინახავდა. თუმცა დღეს ოცნების ლიდერის ანგარიშები დაცლილია. მის მიერ შევსებული დეკლარაციით ვიგებთ, რომ 4 მილიონი დოლარზე მეტი შარშან გაასესხა, თუმცა რა მიზნით და ვისზე, არ ვიცით.