"ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, წინასაარჩევნო ბილბორდებზე ახლაც ბიძინა ივანიშვილის სურათები გამოფინა.
ოპოზიცია ამბობს, რომ მმართველ გუნდს არჩევნების ეშინია და ივანიშვილს ისევ "მაშველ რგოლად" იყენებს. ოპონენტების თქმით, ეს შიში რეალურია, რადგან სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, "ოცნება" ხელისუფლებას დაემშვიდობება.
ოპოზიცია დღეს გიორგი გახარიას იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ქვეყნის პრემიერმინისრმა სასურველი ქვეყნის მოდელად საჩხერე დაასახელა.
მე მაინტერესებს რას ნიშნავს საჩხერის მოდელი? ანუ, როდესაც დავქორწინდებით ბიძინა ივანიშვილი "ნივას" გვაჩუქებს და გაზის ფულს გადაგვიხდის? ეს არის პრემიერმინისტრის ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა?- ამბობს დავით ბაქრაძე, "ევროპული საქართველოს" ლიდერი.
მისივე თქმით, გახარიას განცხადება ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ნაცვლად, მმართველი გუნდი მოსახლეობას ერთ კაცზე დამოკიდებულებას და ისევ ერთი კაცის მმართველობას პირდება.
ბილბორდის ფერიც კი ჭაობის ფერი აქვთ - ასე ეხმაურება დავით ჭიჭინაძე მისი ყოფილი გუნდის გადაწყვეტილებას. ჭიჭნაძის თქმით, ბილბორდებიდანაც ჩანს, რომ "ოცნებას" არანაირი გეგმა აღარ აქვს და ძალაუფლების შენარჩუნებას ისევ ნაცადი ხერხებით ცდილობს- მათი მშველელი არც ბიძინა ივანიშვილია არც გახარია. მათ არ აქვთ მოდელი ეკონომიკის, ამ ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანის- ამბობს ჭიჭინაძე.
ქართულ ოცნებაში კი ოპოზიციას ამ განცხადებებისთვის აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ივანიშვილი მათი ლიდერია და წინასაარჩევნო კამპანიაშიც სრულად არის ჩართული.
ისინი ვერ მოინელებენ იმ მარცხს რაც იწვნიეს 2012 წელს, რომელიც აწვნია მათ ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა საზოგადოებამ...მისი მონაწილეობ არის მნიშვნელოვანი და კანონზომიერი - ამბობს რატი იონათამიშვილი